არჩევნები 2020

ღვინის დედაქალაქი, სამედიცინო ტურიზმის ცენტრი - რას ითვალისწინებს ლელოს "მარშალის გეგმა"

ლელო

ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარტიის "მარშალის გეგმის" - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ლელოს გეგმით, საქართველოში უნდა შეიქმნას 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი საშუალო ფენა და 600 000 ადამიანს უნდა ჰქონდეს 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალი.

პარტიის ძირითადი ამოცანებია:

  • გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში
  • არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე  
  • გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება  
  • სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვევო კომპანიის ჩართულობით.   
  • მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან. 

პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს ლელოს მოდელი 3.2.1, რომელიც გულისხმობს 3-მილიარდიან საგარანტიო ფონდს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, 1-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟა, რის შედეგადაც სახელმწიფო ლიცენზირებული კომპანიების აქციების 20%-ის განთავსება საფონდო ბირჟაზე სავალდებულო იქნება. პარტიის "მარშალის გეგმით" ყველა სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაცია სწორედ ფონდის მეშვეობით მოხდება და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, გახდეს მათი თანამფლობელი. 

"ოთხ წელიწადში დავასრულებთ ყველა სტრატეგიულ პროექტს - ეს არის ყველა ძირითადი გზა და მაგისტრალი, მოხდება რკინიგზის სრული მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე, ქალაქ ანაკლიის მშენებლობა" - თქვა ხაზარაძემ და ცალკეულ ქალაქებსა და რეგიონებზეც ილაპარაკრა. 

ქუთაისი - ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი, სადაც დაფუძნდება საერთაშორისო საფონდო ბირჟა. აეროპორტის გარშემო მოეწყობა ძლიერი, საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრი. ლელო აპირებს Amazon-ის, Alibaba-ს, DGL-ის, TNT-ს მოწვევას და სატვირთო გადაზიდვების განვითარებას.

ანაკლია - ხაზარაძის განცხადებით, იქნება კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში და  პირველი გაჩერება სოხუმამდე მიმავალ გზაზე - ქალაქი ანაკლია იქნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც წარმატებული ევროპული და აზიური საწარმოები განთავსდება.

ბათუმი - მამუკა ხაზარაძის თქმით, ლელო "სერიოზულად დაბეგრავს" სათამაშო ბიზნესს და ფული ჩაიდება განათლებაში. ბათუმი კი გახდება ბიზნესქალაქი და საზღვაო ინდუსტრიის ცენტრი, სადაც შეიქმნება ქართული სანაოსნო.

"მივიღებთ კანონმდებლობას, რომელიც ქართულ საზღვაო დროშას გახდის ყველაზე მომხიბვლელ და საინტერესო დროშად" - თქვა ხაზარაძემ.

თელავი - ლელოს "მარშალის გეგმით", ღვინის დედაქალაქად უნდა გადაიქცეს და კახეთი იქნება ოთხივე სეზონზე ღვინის ტურისტების მასპინძელი. 

"საოცრებაა, რომ არ ვართ მსოფლიოში ღვინის დედაქალაქებს შორის. ჩვენი ამოცანაა, თელავი გამოვაცხადოთ ღვინის დედაქალაქად და მისი სტატუსი ავწიოთ იქამდე, სადაც არის ბორდო და ასე შემდეგ. შევქმნათ საერთაშორისო აეროპორტი თელავში და დავიწყოთ ღვინის ტურისტების მოზიდვა" - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ქართლი - აგრო- და ბიოწარმოების ცენტრი. ლელო მიზნად ისახავს 1 მლრდ დოლარის პროდუქციის ექსპორტზე გატანას. მათი გეგმით, სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას გაუწევს აგრო- და ბიოწარმოებას.

რაჭა - საერთაშორისო საგანმანათლებლო სკოლა-კამპუსების ცენტრი. ენების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საერთაშორისო სკოლების ინფრასტრუქტურების შექმნა.

თბილისი - ბიზნეს (საქმიანი) ქალაქი IT და ინოვაციების ცენტრი. ინოვაციური IT კომპანიები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან 5 წლის ვადით. 

მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის მსვლელობისას განიხილა ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის. მისივე თქმით, ლელო გაატარებს ემიგრანტების დაბრუნების და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვის შემცირების პოლიტიკას, წარმატებულ ემიგრანტთაგან შექმნის მეცნიერთა და ბიზნესმენთა - მუდმივმოქმედ საბჭოს. ხოლო ემიგრაციიდან დაბრუნებულებს დახვდებათ სპეციალური პროგრამები და დაუწესდებათ შეღავათები.

"საქართველო შეგვიძლია გადავაქციოთ სამედიცინო ტურიზმის ცენტრად, სადაც ჩამოვლენ უცხოეთიდან ოპერაციების გასაკეთებლად... წამლების მონოპოლია უნდა დაინგრეს და ადამიანს უნდა შეეძლოს, ხელმისაწვდომად ფასად იყიდოს წამალი. სავალდებულო დაზღვევის სტრუქტურას შევცვლით და დაზღვევა მხოლოდ კერძო დაზღვევის გავლით მოხდება... ქართული განათლება უნდა გაუტოლდეს ევროპულს" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ლელოს "მარშალის გეგმით", სტუდენტები სწავლის დასრულებისთანავე პირველ სამსახურს მიიღებენ, რაც 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს. ასევე, პროექტ "პირველი სახლის" ფარგლებში ყოველწლიურად 100 მილიონი ლარი გამოიყოფა ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები