ტაივანი

ტაივანის ახალი დიზაინის პასპორტზე ტაივანი დიდად აწერია, ჩინეთის რესპუბლიკა – პატარად

ტაივანის ძველი და ახალი დიზაინის პასპორტები.

ტაივანში პასპორტის დიზაინს ცვლიან. უწინდელ პასპორტთან შედარებით, ახალ პასპორტზე ინგლისურ ენაზე ტაივანი დიდად წერია და ჩინეთის რესპუბლიკა, ტაივანის ოფიციალური სახელი, ინგლისურად- პატარად, ნაკლებად შესამჩნევადაა. აღსანიშნავია, რომ პასპორტზე ჩინეთის რესპუბლიკა დიდად, ზედა ნაწილში მანდარინზე, ტრადიციული ჩინური იეროგლიფებით წერია. 

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ტაივანის მოქალაქეები სხვა ქვეყნებში შესვლისას პრობლემებს აწყდებოდნენ. ტაივანის ძველ პასპორტზე ტაივანის ოფიციალური სახელი, ჩინეთის რესპუბლიკა ინგლისურად დიდი ასოებით წერია, ხოლო ტაივანი - პასპორტის ქვედა ნაწილში წერია. 

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს, განცხადებით, ახალი დიზაინის პასპორტები საჭიროა, რადგან საზღვარგარეთ ტაივანის მოქალაქეები ჩინეთის სახალო რესპუბლიკის მოქალაქეებში არ აერიოთ:

"ამ წელს, ვუხანის პნევმონიის ვირუსის გავრცელების დაწყებიდან, ჩვენი ხალხი იმედოვნებდა, რომ ტაივანის გარჩევადობას უფრო მეტ მნიშვნელობას მივანიჭებდით და თავიდან ავირიდებდით ადამიანების შეცდომაში შეყვანას, რომ ისინი ჩინეთიდან [ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან] არიან".

პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა "უმნიშვნელო ნაბიჯებს" გადადგამს ტაივანი, რადგან ფაქტს ვერ შეცვლის, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. 

ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად თვლის და ამბობს, რომ საერთაშორისოდ კუნძულის სახელით ლაპარაკის უფლება მხოლოდ მას აქვს. პანდემიის დაწყებისთანავე ამ პოზიციას ჩინეთი მტკიცედ იცავდა, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ჩინეთის წნეხის გამო ტაივანს ჯანმო-ში ჩართულობის უფლებას უზღუდავენ. 

23 მილიონიანი ტაივანი კორონავირუსის მართვაში ერთერთი ლიდერია. მაშინ, როდესაც ჩინეთი კორონავირუსის ცხელი წერტილი იყო, ტაივანში სულ რაღაც ათეულობით შემთხვევა იყო დადასტურებული. დღემდე ტაივანში სულ 489 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან უმეტესობა იმპორტირებულია. ტაივანში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა.

ტაივანში ამბობენ, რომ პეკინის პოზიციამ დააბნია ქვეყნები და ტაივანელ მოგზაურებზე ზუსტად ის აკრძალვები გაავრცელეს, რაც ჩინეთის სახალო რესპუბლიკის მოქალაქეებზე ჰქონდათ გავრცელებული მაშინ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ტაივანი არასდროს უმართავს. 

ტაივანის მთავრობას ტაივანის უმსხვილესი ავიახაზებისთვის, ჩინეთის ავიხაზებისთვისაც, უნდა სახელის შეცვლა რადგან ჩინეთის სახალო რესპუბლიკასთან ასოციაცია თავიდან აირიდონ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანის დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ცაი ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ტაივანს არაერთ ქვეყანასთან აქვს არაოფიციალური ურთიერთობები. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური კომუნისტური ჩინეთისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

კომენტარები