გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ჩანთაზე დნმ-ის 5 ნიმუში იპოვეს, 2 უცნობია

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, შაქარაშვილის ჩანთაზე ექსპერტიზის შედეგად 5 დნმ-ის ნიმუში იპოვეს, რომელთაგან 2 უცნობია. 

პროკურორის ინფორმაციით, დნმ-ის ერთი ნიმუში გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, ერთი იმ პირს, ვინც გარდაცვლილს ჩანთა ათხოვა, ერთი კი, სავარაუდოდ, შაქარაშვილის ნათესავს.

"ამ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულებს, ასევე თავდასხმაში ბრალდებულებს და იმ პირებს, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან - ეს არის ე.წ. საბურთალოს მხარე. თუმცა, მათი დნმ პროფილები ჩანთაზე არ ამოვიდა. 

ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ პროფილი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა. ერთ-ერთი დნმ პროფილი პირდაპირ არის მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში, რომ შესაძლებელია, იყოს გიორგი შაქარაშვილის ნათესავის. ამ კუთხითაც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა." – თქვა ყაზარაშვილმა. 

ყაზარაშვილის თქმით, ის, რომ ჩანთაზე ვინმეს დნმ არ ამოვიდა, არ ნიშნავს, რომ მათ არ ჰქონდათ შეხება გიორგი შაქარაშვილთან და ჩანთასთან. 

"ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არ აქარწყლებს, თავიდან ვერავინ ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას." – ამბობს ის.

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 11 სრულწლოვანია.

კომენტარები