მონტენეგრო

მონტენეგროში არჩევნები ჩატარდა, მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა მოუწევს

REUTERS

30 აგვისტოს მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, მმართველი პრო-დასავლური სოციალისტების დემოკრატიული პარტია ხმების 35%-ს აიღებს და 81 ადგილიან პარლამენტში 30 ადგილს მოიპოვებს. მას პრორუსული და პროსერბული ოპოზიციური კოალიცია მოსდევს 33%-ით (27 ადგილი პარლამენტში). არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 75%-ზე მეტმა მიიღო.

ამ დრომდე მმართველ პარტიას ქვეყანაში არჩევნები არ წაუგია და 30 წელია ხელისუფლებაშია, თუმცა, ამჯერად მათ, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა მოუწევთ.

თუ ოპოზიციური კოალიცია მთავრობის ფორმირებაზე ორ მეტოქე ბლოკთან შეთანხმდება, პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის პარტიამ, შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს.

წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე აქტუალური სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი იყო. გასული წლის დეკემბერში მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ეკლესიის საკუთრებების, რომელთა მფლობელობის ისტორიული დადასტურება ვერ ხერხდება, სახელმწიფოსთვის გადაცემას ეხებოდა, რამდენიმეთვიანი აქციები მოჰყვა.

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსახლეობას მოუწოდა ხმა მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიეცათ. მონტენეგროს 630 000-იანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ეთნიკურად სერბია. ამასთანავე, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია. ოპოზიციური კოალიცია მონტენეგროს მომავლისათვის, რომელშიც რამდენიმე პარტია შედის, საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდა. ისინი, ასევე, ემხრობიან რუსეთთან და სერბეთთან უფრო ახლო კავშირების დამყარებას.

ოპოზიცია ჯუკანოვიჩს და მის პარტიას ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში ადანაშაულებდა. ჯუკანოვიჩი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ოპოზიციას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საფუძვლის შერყევა სურს.

პროდასავლური დემოკრატიული პარტიის მთავარი მიღწევა 2017 წელს მონტენეგროს ნატოში შესვლაა. ისინი ასევე აქტიურად ცდილობენ ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანონ.

თუმცა, 2020 წლის Freedom House-ის ანგარიშში მონტენეგრო განსაზღვრულია, არა როგორც დემოკრატიული, არამედ ჰიბრიდული რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის არჩევნების დროს მონტენეგროში რუსეთის აგენტებისა და სერბი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული გადატრიალების მცდელობა ჩაშალეს. მონტენეგროს სასამართლომ გასულ წელს შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ორ პრორუს ოპოზიციონერს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2016 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ბოიკოტი დაიწყო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდა. 2017 წლისთვის ბოიკოტი პარლამენტის 39 წევრს ჰქონდა გამოცხადებული.

კომენტარები