მონტენეგრო

მონტენეგროში ჯუკანოვიჩის 30-წლიანი მმართველობა დასრულდა

მონტენეგროს მოქმედი პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი

მონტენეგროს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა იაკოვ მილატოვიჩმა გაიმარჯვა. მილატოვიჩის გამარჯვებით მონტენეგროში მილო ჯუკანოვიჩის 30-წლიანი მმართველობა დასრულდა. მილატოვიჩს მხარი 60.1%-მა დაუჭირა. ჯუკანოვიჩმა, რომელმაც ამომრჩეველთა 39.9%-ის ხმები მიიღო, ოპონენტთან დამარცხება აღიარა.

ჯუკანოვიჩი 1991 წლიდან ხუთჯერ იყო პრემიერმინისტრი, ხოლო 1998-2002 წლებში და 2018 წლიდან დღემდე პრეზიდენტი. მილო ჯუკანოვიჩის მმართველობისას, ყოფილი იუგოსლავიის შემადგენლობაში მყოფმა მონტენეგრომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო 2017 წელს NATO-ს წევრი გახდა. პარალელურად, წლების მანძილზე ოპოზიცია მილო ჯუკანოვიჩის ხელისუფლებას კორუფციასა და ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მილო ჯუკანოვიჩმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ მონტენეგრომ თავისი არჩევანი გააკეთა, რომელსაც პატივს სცემს და ახალ პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს.

წინასაარჩევნოდ, 37 წლის მილატოვიჩმა პირობა დადო, რომ მისი მმართველობის ვადაში ქვეყანა ევროკავშირთან და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფ სერბეთთან კავშირებს გააძლიერებს. მილატოვიჩის სიტყვებით, მომდევნო 5 წელში მონტენეგრო ევროკავშირის წევრი გახდება. 

"დღეს არის ღამე, რომელსაც 30 წელზე მეტია ველით. ბედნიერი გამარჯვება!" - ასე მიმართა მილატოვიჩმა მხარდამჭერებს. 

კომენტარები