მონტენეგრო

მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების "რუსული გეგმის" ლიდერებს პატიმრობა მიუსაჯეს

AFP

მონტენეგროს სასამართლომ ორ პრო-რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, "დემოკრატიული ფრონტის ალიანსის" ლიდერებს, ანრია მანდიჩს და მილან კნეჟევიჩს 2016 წლის ოქტომბერში მთავრობის დამხობის მცდელობის გამო 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი 2016 წელს დააკავეს.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო 12 პირი, მათ შორის 9 სერბი და 2 რუსი, რომლებიც დაუსწრებლად გაასამართლეს.

რუს ედუარს შიშმაკოვს და ვლადიმირ პოპოვს სხვა ბრალდებულებს შორის ყველაზე მკაცრი სასჯელი, 12 და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსული სამხედრო დაზვერვის, GRU-ს წევრები არიან. პოპოვზე ძებნა ინტერპოლმაც გამოაცხადა. საგამოძიებო ვებგვერდ Bellingcat-ის მიხედვით პოპოვის ნამდვილი სახელი ვლადიმირ მოისეევია. სწორედ Bellingcat-მა გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებული GRU-ს ორი აგენტის ვინაობები.

სერბული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების წევრებს კი 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

პროკურატურის მიხედვით ეს პირები კრემლის მხარდაჭერით მაშინდელი პრემიერმინისტრის, მილო ჯუკანოვიჩის, რომელიც ამჟამად მონტენეგროს პრეზიდენტია, სნაიპერის დაქირავებით მოკვლას და ამით მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებისათვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მკვლელობა 2016 წლის 16 ოქტომბერს, არჩევნების დღეს უნდა მომხდარიყო. შეთქმულები პარლამენტში შეჭრას და პრო-რუსული მთავრობის შექმნას გეგმავდნენ.

პროკურატურის მიხედვით შეთქმულებაში "რუსი ნაციონალისტები" იყვნენ ჩართული, თუმცა პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებული კონკრეტული პირები პირდაპირ არ არიან დადანაშაულებული.

რუსეთმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა 2017 წელს მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება დაგმო. კრემლში ეს შეაფასეს, როგორც "ბალკანეთსა და ევროპაში სტაბილურობისათვის საზიანო".

2015 წელს კი, მონტენეგროს NATO-ში მიწვევის შემდეგ, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთით მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.

"მოსკოვი მუდმივად აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია, ალიანსის და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით გაფართოებას არ მოჰყვეს საპასუხო ნაბიჯები რუსეთის მხრიდან, ინტერესთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვის მიზნით", - თქვა პესკოვმა.

პესკოვს არ დაუკონკრეტებია, რას გეგმავდა მოსკოვი.

კომენტარები