არჩევნები 2020

ბოკერია თალაკვაძის ინიციატივაზე: იაფფასიანი უტიფრობაა და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა

"ესაა მორიგი იაფფასიანი და ტრადიციულად უტიფარი მცდელობა ივანიშვილის გუნდის, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი აყარონ პირველ რიგში ქვეყნის შიგნით და გარეთაც. როგორ გამოუვათ ეს სხვა საკითხია. ყველა ეს ქმედება, რაც თალაკვაძემ განაცხადა არის დასჯადი დღესაც სხვადასხვა ფორმით". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის ინიციატივას, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა, ამომრჩევლის მოსყიდვა და იძულება სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს.

ბოკერიას განმარტებით, პრობლემა იმაში არაა, თუ რა ფორმულირებებია კანონში, არამედ პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ არსებობდეს კანონის უზენაესობა.

"გვაქვს უმძიმესი დანაშაულის შემთხვევები, მაგრამ არავინ დასჯილა, რადგან ეს ივანიშვილის დაკვეთით მოქმედი მოძალადე ჯგუფები იყვნენ. მთავარ მაგალითად, რაც შეიძლება გაგვახსენდეს, ესაა წინა არჩევნების დროს გრიგოლ ვაშაძის შტაბზე დღისით თავდასხმა, საავადმყოფოში მოხვდა ხალხი, უსასტიკესად გაუსწორდნენ, მაგრამ არავინაა დასჯილი". – ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის თქმით, ლაპარაკი იმაზე, რომ მმართველი გუნდი ამ ცვლილებით პრობლემას, რაც საზოგადოების წინაშეა, მოაგვარებს უტიფარი სიცრუეა. – "პოლიტიკური ნება და კანონს უზენაესობა უნდა არსებობდეს და თუ ნორმალური ვითარება გვექნება ამ საარჩევნო კამპანიის დროს და გვექნება ამ ხელისუფლების დამარცხების შემდეგ, იმედია, მაშინ უკვე რეალურია და ადექვატურია დისკუსია თემაზე, რა ნაწილი უნდა გამკაცრდეს კანონის რომელ ქმედებაზე, როგორი უნდა იყოს ფორმულირება, თუმცა დღეს, როდესაც ფუნდამენტური კანონის უზენაესობა არ არსებობს, და როდესაც კონტრაქტია ივანიშვილის რეჟიმის ყველა მოძალადესთან, რომ თუ ჩვენ მხარეს ხარ, გექნება კარბლანში ძალადობის ჩადენაზე და ამაზე ამყარებ იმედებს ძალადობის შენარჩუნების, ეს არის უბრალოდ უტიფარი სისულელე". – თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები