ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია მე-19 გარდაცვლილზე: სახლში მკურნალობდა, მას ასევე ინფიცირებული და უვლიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სახლში მკურნალობდა. მას ასევე კოვიდინფიცირებული და უვლიდა.

ეზუგბაიას ცნობით, ვირუსული ინფექცია ორივე პირის შემთხვევაში მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, ეზუგბაიას თქმით, მას ცხიმოვანი ემბოლია განუვითარდა და პაციენტი ამ მიზეზის გამო გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირიდება.

"ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც, ასევე, კოვიდინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. უშუალოდ, მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა, ვესაუბრებოდი. დაავადება მიმდინარეობდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო". – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისივე ცნობით, დღეს, 25 აგვისტოს, გამოვლენილი 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყარო ლენჯერია, ორის კონტაქტი დაავადებულ პაციენტებთან, 4 შემოტანილია, აქედან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია.

დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 260 კოვიდინფიცირებული პირი. აქედან, 5-ის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 23-ის მძიმე.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 429 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 150 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები