საქართველოს კონსტიტუცია

ზურაბიშვილი: ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები

საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები ისწავლებოდეს.

განცხადება მან კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. ის არის ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო.

"საქართველოში, მიუხედავად სამართლის უძველესი ძეგლების არსებობისა, კონსტიტუციის ისტორია 1918 წელს იწყება, როდესაც მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი და მოგვიანებით საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.

1921 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენს ისტორიაში თავისუფლების სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიღება სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ საქართველოს ოკუპაციას, იგი იქცა თავისუფლების საყრდენად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად.

ცხადია, საბჭოთა კონსტიტუციები - იარაღის, ძალადობის, ანექსიის საშუალებით შექმნილი „ფაქტობრივი მდგომარეობის“ დამკანონებლები, დაცლილნი კანონის სულისა და სამართლიანობისაგან, მძიმე კვალს დატოვებდნენ. ქვეყანა დღემდე იმკის ეროვნული და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანგრევის მძიმე შედეგს, რამაც საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა ნიჰილიზმი კანონისა და სახელმწიფოსადმი, გაუცხოება ხელისუფლების მიმართ, სკეპტიციზმი მისი სამართლებრივი გზით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე. მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, ჩვენ მოვახერხეთ, დიდწილად დაგვეძლია ჩვენს სამართლებრივ ცნობიერებაში ჩანერგილი მანკიერი მოდელები. შევძელით, ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი სტანდარტები და დემოკრატიული პრინციპები. სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება, გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება, აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

კონსტიტუცია არ არის გაქვავებული სამართლებრივი ძეგლი. კონსტიტუცია არის ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება, ასახავს სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს. ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი კი საქართველოს გამთლიანებაა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი არ არის. საქართველო ვერ გადალახავს თავის ტრაგიკულ გამოცდილებას, ვერ მოიტოვებს უკან თავისი დანაწევრების ისტორიას, ვერ გამთლიანდება აფხაზ და ოს ხალხებთან საერთო ინტელექტუალური, კულტურული და ღირებულებითი სივრცის აღდგენის გარეშე. სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა, ჩამოაყალიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება.

ეს არის ჩვენი მომავლის გზა!

და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით - ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა"
.- განაცხადა მან.

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეა.

25 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.

1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მას შემდეგ კონსტიტუციაში მრავალი ცვლილება შევიდა. მათგან არსებითი 2010 წლის ცვლილებები იყო, როდესაც შეიცვალა მმართველობის ფორმა და საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფო გახდა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას.

გაიზარდა პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები. იგი გახდა მთავრობის მეთაური.

შემოვიდა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი - პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები.

სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი - მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე  საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერმინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, ხოლო მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერმინისტრს. თუ ორი დღის ვადაში იგი არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერმინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერმინისტრი მაინც დანიშნულად ითვლება.

ბოლო ცვლილებები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში 2017 წელს შევიდა, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო შეიზღუდა, ამასთან, 2023 წლიდან მას არა ხალხი პირდაპირი წესით, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.

ცვლილებები შეეხო საარჩევნო სისტემას. შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესი და სხვ.

კომენტარები