საქართველოს კონსტიტუცია

ბახტაძე: კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფლებისთვის

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში, რომელშიც ცვლილებები 2017 წელს შევიდა, ასახულია ქართველი ხალხისთვის აქტუალური და მგრძნობიარე საკითხები. 

ბახტაძე სიტყვით სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში გამოვიდა, სადაც საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

"პირველ რესპუბლიკას არც შიდა და არც საგარეო მტერმა არ აპატია თავისუფლებისკენ სწრაფვა და დღეს ჩვენ, ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. 

ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. 

მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ პრინციპს, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ქართული სახელმწიფოს თავისუფლებას, ასევე თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის თავისუფლებას. 24 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველომ გადადგა კიდევ ერთი პრინციპული ნაბიჯი დემოკრატიული განვითარების გზაზე და მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ახალი ფურცელი ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. 

განსაკუთრებით სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას. კონსტიტუციას, რომელსაც მაშინდელი ევროპა თვლიდა ყველაზე პროგრესულად. ხშირად მე მეკითხებიან, რატომ აკეთებ აქცენტს, როდესაც საუბრობ საქართველოს არჩევანზე, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. სწორედ ეს არის მეგობრებო, რატომაც მე ვამბობ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენ მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნების გამო არ მიგვიღია ნამდვილად. ჩვენი ფესვები, ჩვენი წინაპრები სწორედ ასე ხედავდნენ საქართველოს განვითარებას”, - თქვა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამ 24 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, იყო მძიმე ჩარევაც, რომელიც არ ემსახურებოდა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას. 

„სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ურყევი ნებიდან გამომდინარე მიიღო კონსტიტუციის, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქცია, რომელშიც აისახა ჩვენი ხალხისთვის ყველაზე აქტუალური და მგრძნობიარე საკითხები. დღეს ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თანამედროვე ევროპული, დასავლური ტიპის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომლითაც აღმოიფხვრა ყველა არსებული ხარვეზი, მოხდა დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა. ჩვენი ღრმა რწმენით, სწორედ აღნიშნული მოდელი საპარლამენტო დემოკრატია უზრუნველყოფს საქართველოს მდგრად განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანის მიღწევას. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მსურს თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში  გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა”. - თქვა ბახტაძემ. 

_______________________________________________________________________________________

საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო ცვლილებები 2017 წელს განხორციელდა, ძალაში კი 2018 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ შევიდა, რაც საქართველს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო. 

კონსტიტუციის ეს რედაქცია მხოლოდ მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიერ არის მხარდაჭერილი. 

ცვლილებებს შორის არის: 

უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი. 2024 წლიდან მას არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიაში შევა საქართველოს პარლამენტის 150-ვე წევრი, ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების მიერ აირჩევიან. შემადგენლობას ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს 

კიდევ უფრო იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები - მას ჩამოერთვა პარლამენტისთვის სასამართლოების თავმჯდომარეების წარდგენის უფლებამოსილება. გაუქმდა პრეზიდენტის უშიშროების ეროვნული საბჭო. 

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის არჩევნების თარიღს პარლამენტი დანიშნავს. 

უნდობლობის პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, დაეთხოვა პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით კი ასეთ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა არ მოხდება. პრეზიდენტი ვეტოს ვეღარ დაადებს პარლამენტის მიერ პრემიერის მისთვის წარმოდგენილ ახალ კანდიდატურას. 

თავდაცვის ძალები ჩვეულებრივ, არასაომარ ვითარებაში არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის მინისტრის, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობის ან ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს - პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ. 

იცვლება პარლამენტის არჩევის წესი - უქმდება მაჟორიტარული სისტემა და ის მთლიანად პირდაპირპროპორციული ხდება. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. 2020 წლისთვის, გამონაკლისის სახით, არჩევნები 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. 

საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან. თუმცა, პირველად განმწესების შემთხვევაში, მოსამართლეები დაინიშნებია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. 

კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის საკითხი და იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება - კონსტიტუციაში წერია, რომ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში", გამონაკლისი შემთხვევები კი ორგანული კანონით დარეგულირდება. 

შეიცვალა ქორწინების განსაზღვრება - ამიერიდან ქორწინება არა მეუღლეთა უფლებრივთანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება, არამედ არის "ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით"

კომენტარები