ალექსეი ნავალნი

პესკოვი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის შეფრეხებაზე: კრემლი არ ერევა, ექიმები არ ვართ

დმიტრი პესკოვი
RBK

რუსეთში ჟურნალისტის კითხვაზე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ხელის შეშლაში ჩაერთნენ თუ არა პირები რუსეთის მთავრობის, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი პასუხობს: - "ეს იქ მყოფი ექიმის გადაწყვეტილებაა. ეს ეხება ტრანსპორტირებას, რამაც შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას".

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთ საქმეებში არანაირად არ ერევა - "კრემლი პაციენტის მკურნალობის საკითხებით დაკავებული არ არის. ჩვენ ექიმები არ ვართ".

პესკოვმა ასევე თქვა, რომ იქ მყოფი ექიმის აზრით, სრულიად არ არის ცნობილი, თუ რა გახდა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი და ამიტომ ნავალნის გადაყვანა ამჟამად შეუძლებელია - "ეს შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს".

კრემლის სპიკერმა თქვა, რომ ტესტირებას ამჟამად არაფერი გამოუვლენია - "გარკვეული ნივთიერებები, რასაც შესაძლოა მოწამვლა გამოეწვია, გამოირიცხა, თუმცა ეს არ არის ამომწურავი... ჯერ შედეგი არ არის, ჩვენ ცოტათი მომთმენები უნდა ვიყოთ".

პუტინის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ კრემლს არ მიუღია ოფიციალური მიმართვა ალექსეი ნავალნის წარმომადგენლებისგან გერმანიაში მისი გადაყვანის თაობაზე, თუმცა იციან, რომ ამის შესახებ ვრცელდება გზავნილები სოციალურ ქსელებში - "ზედმეტი ბიუროკრატია არ არის საჭირო".

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენმა ექიმებმა გერმანიიდან მოიწვიეს ექიმები, რომლებიც თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ რათა საავადმყოფოში მივიდნენ, მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებში, ყველა ინფორმაცია მიიღონ მკურნალობის მეთოდზე, არსებულ ტესტებზე. არ ვიცი, გერმანელები წავიდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენს ექიმებს მათთან მუდმივი კავშირი აქვთ."

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიზე ჩატარებული ტესტირების შედეგად ექიმებმა საწამლავის კვალი ვერ ნახეს.

ექიმმა ანატოლი კალინჩენკომ თქვა, რომ საავადმყოფოს ნავალნის მდგომარეობაზე უკვე სრული დიაგნოზი აქვს, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ გაამჟღავნებს.

მანამდე, რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". - ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, არ დაკონკრეტებულა. ნავალნის მეუღლე ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოს არ ენდობა. ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი ნავალნის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მათთვის არც სამედიცინო დოკუმენტები გადაუციათ. ამ დროისათვის ომსკის საავადმყოფოში ნავალნის სხვაგან გადაყვანაზე უარს ამბობენ და მიზეზად ასახელებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ნავალნის ოჯახს და პირად ექიმს სურთ, რომ ის სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.

21 აგვისტოს ომსკში გერმანიიდან ჩავა თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მკურნალობის გაგრძელება ბერლინში, კლინიკა Charité-ში იგეგმება. თვითმფრინავს გზავნის ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation, რომელმაც ამავე მიზნით 2018 წელს ამავე კლინიკაში გადაიყვანა Pussy Riot-ის წევრი პიოტრ ვერზილოვი.

ბოლო მონაცემებით ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ის კვლავ კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები