გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს

კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული რეკონსტრუქციიდან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტზე დაყრდნობით, ადვოკატები ამბობენ, რომ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის შესახებ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება. ექსპერიმენტი გვიან ღამით ჩატარდა. 

არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, სხვადასხვა ბრალდებულის ადვოკატებმა 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. 

"ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე ჩვენ კვლავ ვაპირებთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას, ვაპირებთ, რომ სხვადასხვა პირები გამოვკითხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ის რეალობა, რაც საქმეში არსებობს". – ამბობს ალექსანდრე კობაიძე. 

ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განმარტებით, მოწმის, იაკობ ბრეგაძის მიერ მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მან ხიდთან დამალულმა დაინახა ორი უცნობი ადამიანი, ტყუილია. ვასილ მამულაშვილის თქმით, ბუნებრივი განათების პირობებში შეუძლებელი იყო იაკობ ბრეგვაძეს არათუ სილუეტები, არამედ რაიმე მაინც დაენახა. 

"ჩვენ არ ვიცნობთ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას. ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ 2 აგვისტოს ჩვენებაში იგი მიუთითებს, რომ ხიდის დასასრულამდე დაინახა ორი პიროვნება, რომლებზეც მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. ფიზიკურად შეუძლებელია ბუნებრივი განათების პირობებში რაიმე დაენახა, არათუ სილუეტები, არამედ რაიმე მაინც კი". – თქვა ვასილ მამულაშვილმა. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები