ლიტვა-ბელარუსი

ლიტვის საგარეო მინისტრი ლუკაშენკოს "ყოფილ პრეზიდენტად" მოიხსენიებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი
Delfi

ლიტვის საგარეო მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი, ალექსანდრ ლუკაშენკოს "ყოფილ პრეზიდენტად" მოიხსენიებს.

"ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი პუტინს ახლა დახმარებას სთხოვს. ვის წინააღმდეგ? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩებში ყვავილებს ატარებენ? ეს მართლაც დიდი საგარეო შეთქმულებაა, იცხოვრო პარალელურ სამყაროში და მზად იყო, გაწირო ყველაფერი," – წერს ლინკევიჩიუსი Twitter-ზე.

ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის პრემიერმინისტრები ბელარუსს დაჟინებით მოუწოდებენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

კრემლი ადასტურებს, რომ 15 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კრემლის განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ ბელარუსის პრობლემები მალე გადაიჭრება.

"ეს პრობლემები არ უნდა იქნეს გამოყენებული დესტრუქციული ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ, ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო კავშირს საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში," – აცხადებს კრემლი.

ლუკაშენკომ მანამდე თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის".

"ბელარუსის დაცვა დღეს, არანაკლებია, ვიდე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს, დაცვა... დღეს ვინც ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის," – ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ დოკუმენტს ხელშეკრებულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას ითხოვდა. 

---------

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყობელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები