განათლების სამინისტრო

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, პირბადეების ტარება მოსწავლეების გარდა ყველას მოუწევს

განათლების სამინისტრო

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, სკოლებში პირბადეების ტარება მოუწევს ყველას, გარდა მოსწავლეებისა. მათი განცხადებით სკოლებს სასწავლო პროცესის დასაწყებად გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. 

ესენია: 

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;

  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;

  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;

  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;

  • სველი წერტილების სანიტარიული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;

  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;

  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;

  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;

  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარიული დამუშავება;

  •  სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ.

სამინისტროს ცნობით, სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს შესაძლებლობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო. 

უწყების ცნობით, გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულო იქნება. საჭიროების შემთხვევაში კი, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღეს, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღეს, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღეს. 

კომენტარები