გიორგი შაქარაშვილის საქმე

ექსპერტი: შაქარაშვილის საქმეზე ჯერ 14-დან 8 კითხვაზეა პასუხი გაცემული, კვლევა გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ იმ 14 შეკითხვიდან, რომელიც გამოძიებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გაუგზავნა, პასუხი მხოლოდ 8 შეკითხვაზეა გაცემული. 

როგორც ალექსანდრე გეჯაძე მედიასთან განმარტავს, ეს 8 შეკითხვა, ძირითადად, მიღებული დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს ეხება. 

"რატომ გაიცა შუალედური დასკვნა და არ გაეცა პასუხი 14-ვე შეკითხვას? გამოძიებამ მოგვმართა წერილით, რომ თუ რამე კითხვაზე უკვე შესაძლებელი იყო პასუხების გაცემა, გვთხოვა, გაგვეცა შუალედური დასკვნა საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც იდგა გამოძიების წინაშე". – ამბობს ექსპერტი. 

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში სამხარაულის ბიუროს ექსპერტებთან ერთად, მის გარდა დამოუკიდებელი საექსპერტო ცენტრის, "ვექტორის" კიდევ ერთი ექსპერტი მონაწილეობდა. 

"ამ შეკითხვების შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და საქმის მასალების დეტალური შესწავლით, ექსპერტთა კომისიის წევრები ერთიან გადაწყვეტილებამდე მივედით და აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ჰქონია". – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. 

დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, შუალედური მოკვლევით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი სიმაღლიდან წყალში ჩაგდებით სხეულზე არსებულ დაზიანებებს ვერ მიიღებდა. ამ დაზიანებებს 19 წლის ფეხბურთელი ვერც ბილიკზე დაგორებით და ვერც დაცემით მიიღებდა. 

"დავდეთ დასკვნა, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივ-ბლაგვი საგნის ძლიერი გამოყენებით. ყველა დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი". – თქვა ექსპერტმა. 

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, დანარჩენ 6 შეკითხვაზე პასუხების მისაღებად კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, სადაც მაღალტექნოლოგიური კვლევით დაადგენენ, კონკრეტულად რომელი დაზიანება როდის მიიღო 19 წლის ფეხბურთელმა. 

"წინა კვლევის დროს დაიდო დასკვნა, რომ დაზიანებები სიკვდილამდე ახლო პერიოდშია განხორციელებული და ამ ახლო პერიოდის დაკონკრეტების მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევის პირობებში დაიდება უფრო კონკრეტული დასკვნა". – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე. 

საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. 

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია. 

კომენტარები