ახალი კორონავირუსი საქართველოში

ყველა პირი, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის

ყველა პირი, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს სავალდებულო კარანტინს გაივლის. ამის შესახებ, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, ისაუბრა. ასევე, მესტიაში მყოფი ტურისტები საკარანტინე ზონებში განთავსდებიან.

"უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112- ზე". – ამბობს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები წესდება.

დღეს, 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 250 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები