დონალდ ტრამპი

Facebook-მა და Twitter-მა ტრამპს COVID-19-თან დაკავშირებული პოსტი წაუშალა

დონალდ ტრამპი
aa.com

Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის და მისი კამპანიის ანგარიშებს შეზღუდვები დაუწესა. Facebook-ზე დონალდ ტრამპმა, ხოლო Twitter-ზე მისი კამპანიის ანგარიშმა, გააზიარა პრეზიდენტის ინტერვიუს ვიდეო, სადაც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ბავშვებს კორონავირუსზე, “ფაქტობრივად, იმუნიტეტი აქვთ”. 

სოცმედია საიტებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დეზინფორმაციას ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვებს კორონავირუსზე იმუნიტეტი არ აქვთ. ბავშვებს შეუძლიათ დაინფიცირდნენ კორონავირუსით და ასევე გაავრცელონ ის. თუმცა ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, გაცილებით დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანოს. 7 780 ბავშვზე ჩატარებული ამერიკული კვლევის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვში ვირუსით ინფიცირების შემდეგ COVID-19-ის სიმპტომები არ გამოვლენილა. ტეხასის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრის თანახმად, ბავშვების 3.3%-ს დასჭირდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება და აღირიცხა სიკვდილის 7 შემთხვევა.  

Facebook-მა დონალდ ტრამპს პოსტი წაუშალა, ხოლო Twitter-მა პრეზიდენტის კამპანიის ანგარიშს პოსტვის შესაძლებლობა შეუზღუდა, იმ დრომდე სანამ კამპანიის ანგარიშმა ვიდეო არ წაშალა.

Facebook-ის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტი, რომ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს, "ფაქტობრივად, [ვირუსზე] იმუნიტეტი აქვს" ცრუ ინფორმაციას შეიცავს და ეწინააღმდეგება საიტის პოლიტიკას - "COVID-19-თან დაკავშირებით საზიანო დეზინფორმაციის შესახებ".

გასულ თვეს Twitter-მა ტრამპის უფროს შვილს Twitter-მა ანგარიში, COVID-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო, დროებით დაუბლოკა და პოსტვის შესაძლებლობა შეუზღუდა. დონალდ ტრამპ უმცროსმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც საუბარი იყო COVID-19-ის წინააღმდეგ ჰიდროქსიქლოროქვინის (“პლაქვენილი”) დადებით მოქმედებაზე. საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის პრეზიდენტ დონალ ტრამპის განცხადებით, მალარიის საწინააღმდეგო წამალს კორონავირუსის პრევენციული მოქმედება აქვს, რაც მეცნიერული კვლევებით დამტკიცებული არ არის.

კომენტარები