გიორგი შაქარაშვილის საქმე

რა შედეგით დასრულდა შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა წინასასამართლო პროცესი

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა წინასასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, აგრეთვე არ დაკმაყოფილდა ამირხანაშვილის, ახვლედიანისა და ქათამაძის ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობის მოთხოვნის შუამდგომლობაც, ხოლო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვის პროცესში გამოსაკვლევად დასაშვებად ცნო. 

"ბრალდების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სასამართლომ ცნო დასაშვებ მტკიცებულებად. რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაზე, აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ნაწილობრივ და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები ცნობილი არის დაუშვებელ მტკიცებულებად". – თქვა პროკურორმა ნანა ბუგუტიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

დღეს მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანთა მეორე და ბოლო წინასასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე არსებითი განხილვის პირველი პროცესი სასამართლომ 18 აგვისტოს ჩანიშნა.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვანი ექვსია.

ცნობილია, რომ დაცვის მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობა ქათამაძის, ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებების საქმეში დაუშვებელ მტკიცებულებებად მიჩნევას ითვალისწინებდა, ვინაიდან, მათი თქმით, ამ მოწმეებმა გამოძიების მიმდინარეობისას ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.

აგრეთვე, დაცვის მხარე სასამართლოსგან ელოდებოდა პასუხს იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც  მხარეთა მტკიცებულების დასაშვებობასა და წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას შეეხებოდა.

31 ივლისს გამართულ წინასასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა. მცხეთის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 11 სრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ცალკე გამოყო და წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადაწევა მოითხოვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

27 ივლისის პროცესზე სასამართლომ 11 სრულწლოვანი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ექვსი არასრულწლოვნის საქმეზე კი წინასასამართლო სხდომა დღეს ტარდება. შუამდგომლობების დაყენების შემდეგ მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები