პოლიტიკა

"ორმაგი ბურბონი" - რატომ დატოვა და რით დაამახსოვრდება ესპანეთს ყოფილი მეფე

2014 წლის 2 ივნისს ესპანეთის მაშინდელმა პრმიერმინისტრმა, მარიო რახოიმ ესპანეთის მეფის ხუან კარლოსის მოსალოდნელი აბდიკაციის შესახებ განაცხადა. მალევე კორტესებმა [ესპანეთის პარლამენტი] მემკვიდრედ მისი ვაჟი, ფელიპე დაამტკიცეს. გუშინ, 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა მონარქმა ხუან კარლოსმა ქვეყანა დატოვა. 

ხუან კარლოსის გამგზავრების მიზეზი მასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. 2020 წლის ივნისში ესპანეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 65 მილიონი ევროს თაობაზე, რომელიც ხუან კარლოსმა მეგობრის, კრისტინა ვიტგენშტაინის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. 

ესპანეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხუან კარლოსს, შესაძლოა, დაესაკუთრებინა 100 მილიონი დოლარი, რომელიც საუდის არაბეთში რკინიგზის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. ეს 100 მილიონი დოლარი კი მოგვიანებით აღმოჩნდა შვეიცარიის ბანკში პანამური ფონდის ანგარიშზე, რომელიც სწორედ ხუან კარლოსის სახელს უკავშირდება.

სკანდალის ფონზე, მამის მემკვიდრეობაზე უარი თქვა ფელიპემ. ესპანეთის სამეფო სახლი უარყოფს ხუან კარლოსის კავშირს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებასთან. ხუან კარლოსს წინა წლებში არაერთ სკანდალს უკავშირებდნენ, თუმცა სკანდალების გარდა, ხუან კარლოსს ესპანეთის ისტორიისთვის, რამდენიმე საკვანძო მომენტიც უკავშირდება.

მეფის დაბრუნება

1975 წლის ნოემბერში, ხუან კარლოსის გამეფებით, ბოლო 300 წლის განმავლობაში ესპანეთის ტახტზე ბურბონების დინასტია მეოთხედ გაბატონდა. ესპანეთში ფრანგული დინასტიის მეფობის ისტორია 1700 წელს ფელიპე V-ის გამეფებით დაიწყო, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ წინა მეფე ჰაბსბურგი კარლ II უშვილო იყო და ტახტი თავის ძმის შვილიშვილის უანდერძა, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის შვილიშვილიც იყო. 

კონტინენტზე ფრანგული გავლენის ზრდით შეშინებულმა ავსტრიელმა ჰაბსურგებმა, ესპანეთის ტახტის გამო ომი დაიწყეს. 13-წლიანი ბრძოლის შემდეგ ომი კომპრომისით დასრულდა - ჰაბსბურგებმა ფელიპე ესპანეთის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ ცნეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა საფრანგეთის ტახტზე.

ესპანელი ბურბონების მმართველობა პირველად 1808 წელს შეწყდა. ნაპოლეონი ესპანეთის მაშინდელ მეფეს კარლ IV-ს სამხრეთ პორტუგალიის მიწებს დაჰპირდა და ქვეყანაში ფრანგული არმია შეიყვანა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი და აჯანყება გამოიწვია. ნაპოლეონმა ესპანეთის ოკუპაცია მოახდინა, მეფე და მემკვიდრე აიძულა, რომ ტახტზე უარი ეთქვათ, ხოლო მეფედ თავისი უფროსი ძმა ჟოზეფი დანიშნა. 1813 წელს ქვეყნიდან ფრანგების გაძევების შემდეგ ბურბონების დინასტია მადრიდში კარლის შვილმა, ფერდინანდმა გააგრძელა. 

მეორედ ბურბონების მეფობა შეწყდა 1868 წელს, ამჯერად სამხედრო გადატრიალების შედეგად. ბოლოს ბურბონების დინასტიის ზეობა 1931 წელს აპრილში შეწყდა. მანამდე ერთი წლით ადრე, 1930 წელს, თანამდებობიდან გადადგა პრემიერმინისტრი, მიგელ პრიმო დე რივერა, რომელიც ფაქტობრივად სამხედრო დიქტატორი იყო. ამ დროს ესპანეთის მეფე იყო ალფონს XIII. მონარქის ისედაც სუსტი პოზიციები, საბოლოოდ 1931 წლის 12 აპრილს, მუნიციპალურ არჩევნებზე განადგურდა. არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მემარცხენე და რესპუბლიკურმა პარტიებმა მოიგეს, რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მონარქმა ესპანეთი დატოვა და ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა. 

დიქტატორის ჩრდილში
ახალგაზრდა ხუან კარლოსი და ფრანცისკო ფრანკო, 1971 წელი მადრიდი

მონარქიის აღდგენის შანსი მალევე, 1936 წელს გაჩნდა, როდესაც ესპანეთის არმიამ და კონსერვატიულმა ოპოზიციამ გამოაცხადეს აჯანყება, რომელიც 1939 წელს მათი გამარჯვებით დასრულდა. პროცესის შედეგად ესპანეთის სათავეში მოვიდა გენერალი, ფრანცისკო ფრანკო. ფრანკომ თავიდანვე უარყო ალფონსის გამეფების იდეა, რადგანაც მისი არმიის რიგებში ბევრი ე.წ. "კარლისტი" იბრძოდა, რომლებიც ქვეყნის ტახტზე, ესპანელი ბურბონების სხვა შტოს გამეფებას უჭერდნენ მხარს. ამის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ფრანკომაც და მმართველმა ელიტამაც მონარქიის რესტავრაციისთვის დაიწყო მზადება. 

1947 წელს გამართულ საყოველთაო რეფერენდუმზე მოსახლეობის 95%-მა მონარქიის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამასთანავე თავად ფრანკო სიცოცხლის ბოლომდე რეგენტად რჩებოდა. ამავდროულად კანონში არ იყო მითითებული, თუ ვინ იყო ტახტის მემკვიდრე, რომელიც ახალი მეფე უნდა გამხდარიყო. ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე ალფონსის ვაჟი, ხუან დე ბურბონი იყო, თუმცა მისი ანტიფრანკისტული განწყობების გამო, მემკვიდრედ მისი ვაჟი ხუან კარლოსი შეირჩა. 

ფრანკოსთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მემკვიდრის საკითხი და ამიტომაც, 1948 წელს მან ოფიციალურად მოიწვია ხუან კარლოსი ესპანეთში. სამშობლოში ხუან კარლოსმა სამხედრო აკადემიაში, სამხედრო-საავიაციო და სამხედრო-საზღვაო სასწავლებლებში მიიღო განთლება. მოგვიანებით ხუან კარლოსი კომპლუტენსეს პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ხუან კარლოსი ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად მხოლოდ 1969 წელს გამოცხადდა, რამაც მამამისის უკმაყოფილება გამოიწვია. 

პირველ წლებში ხუან კარლოსი მორჩილი მოსწავლის როლს თამაშობდა - მან დადო "ნაციონალური მოძრაობის" ერთგულების ფიცი, პარტიისა, რომელიც ფრანკოს ფალანგისტური პარტიის მემკვიდრედ მიიჩნეოდა და საჯაროდ უჭერდა მხარს ფრანკისტულ რეჟიმს.

სამეფო მანევრი

1974 წელს უკვე მოხუცებულმა და ავადმყოფმა ფრანცისკო ფრანკომ, ხუან კარლოსი სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 1975 წლის ნოემბერში, ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, კორტესებმა მონარქია აღადგინეს და ახალ მეფედ ხუან კარლოსი გამოაცხადეს. უკვე მეფობის პირველ თვეებში ხუან კარლოსმა მასშტაბური პოლიტიკური რეფორმისთვის დაიწყო მზადება, რომელიც ფრანკისტული რეჟიმის დემონტაჟს გულისხმობდა. 1976 წელს პრემიერად გამოცდილი პოლიტიკოსი და ყოფილი ფალანგისტი ალფონსო სუარესი დაინიშნა, სწორედ სუარესს უნდა გაეფორმებინა სამართლებრივად ქვეყნის დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა.

ქვეყნის დემოკრატიზაციის მთავარი დოკუმენტი გახდა 1976 წელს გამოცემული "პოლიტიკური რეფორმის აქტი". დოკუმენტი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გახსნას და სახელმწიფოს დემოკრატიზაციას ითვალისწინებდა. უკვე 1977 წლის გაზაფხულზე მოიხსნა აკრძალვა ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შესახებ, ამავე წლის ზაფხულში გაიმართა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. 

შემოდგომაზე ქვეყნის უნიტარული ტერიტორიული წყობა ფედერაციულით შეიცვალა, შეიქმნა კატალონიისა და ბასკების ავტონომია. 1978 წლის მიწურულს რეფერენდუმის მეშვეობით დამტკიცდა დემოკრატიული კონსტიტუციის პროექტი, ხოლო 1979 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

აჯანყებული სამხედროები ესპანეთის პარლამენტის შენობაში 1981 წელი

ჩამოთვლილი ნაბიჯებით ხუან კარლოსმა პრაქტიკაში განახორციელა მამამისის მიერ შეთავაზებული ქვეყნის ეტაპობრივი დემოკრატიზაციის იდეა. ამის შედეგად მამასა და შვილს შორის ურთიერთობები დასტაბილურდა და ხუან დე ბურბონმა, შვილი ესპანეთის ლეგიტიმურ მონარქად ცნო. ამ ნაბიჯების კვალდაკვალ იზრდებოდა ნაციონალისტების უკმაყოფილება, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ფრანკოს კურსი გაგრძელდებოდა. 

1981 წლის თებერვალში სამხედრო ელიტის ნაწილი ქვეყნის პარლამენტში შეიჭრა, სადაც მძევლად პარლამენტარები და მთავრობის რამდენიმე წევრი აიყვანეს. სამხედროები პრემიერად გენერალიტეტის წარმომადგენლის დანიშვნას ითხოვდნენ. მოსალოდნელი მდუმარე თანხობის ნაცვლად, სამხედროებმა ხუან კარლოსისგან მწვავე წინააღმდეგობა მიიღეს. მეფემ მოსახლეობას დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა და, საბოლოოდ, მეორე დილით, აჯანყებული სამხედროები სახელმწიფოს ჩაბარდნენ. 

მეფე ამბობს

მეფე ხუან კარლოსი ტელევიზიით მიმართავს მოსახლეობას სამხედრო აჯანყების დროს

აჯანყების ჩავარდნამ და მეფის მხრიდან დემოკრატიული ძალების მხარდაჭერამ ხუან კარლოსის ავტორიტეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაამყარა, მათ შორის რესპუბლიკური და მემარცხენე შეხედულებების მქონე მოსახლეობაშიც. ქვეყნის დემოკრატიზაციის პროექტში საკუთარი მისიის შესრულების შემდეგ ხუან კარლოსი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა, რასაც ხელი 1982 წლის არჩევნებში სოციალდემოკრატიული პარტიის გამარჯვებამაც შეუწყო.

ხუან კარლოსის როლი ესპანეთის პოლიტიკაში არაფრით გამოირჩეოდა სხვა კონსტიტუციური მონარქიებისგან, რომლებიც ქვეყნის მმართველისა და უმაღლესი მთავარსარდლის ნომინალურ ფუნქციებს, სახელმწიფოს და ხალხის მცველის სტატუს ატარებენ. მიუხედავად ამისა, ხუან კარლოსი, რომელიც ერის გამაერთიანებელის იმიჯით სარგებლობდა შესაძლოა, უფრო მეტად ერეოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე მისი ევროპელი კოლეგები. 

საყოველთაოდ ცნობილია, ხუან კარლოსის სიყვარული მოტოციკლების და განმარტოებული მოგზაურობების შესახებ. მეფის ჩვევამ განაპირობა ურბანული ლეგენდები, ესპანეთის სხვადასხვა კუთხეებში ხშირად ყვებოდნენ როგორც დაინახეს მოტოციკლით მიმავალი ხუან კარლოსი

ფართოდ გავრცელდა ჩილეში, იბერიულ-ამერიკულ სამიტზე მომხდარი ინციდენტი, რომელშიც ხუან კარლოსიც მონაწილეობდა. ესპანეთის პრემიერის, ხოსე ლუის საპატეროს გამოსვლის დროს. მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა ვენესუელის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჰუგო ჩავესმა. მან ესპანეთის პრემიერს რამდენმეჯერ არაკორექტულად მიმართა, რის საპასუხოდაც ხუან კარლოსმა ჩავესს მოუწოდა, "დროზე მოეკეტა."

ესპანეთის სამეფო ოჯახში სერიოზული სკანდალები 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ხუან კარლოსში ბოტსვანაში საფარი ტურის გამო გააკრიტიკეს. ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთის, El Pais-ის ინფორმაციით, აფრიკაში სპილოებზე ნადირობაში მეფემ 44 000 ევრო გადაიხადა, რამაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ესპანეთში ბევრი გააღიზიანა. 

სამეფო ოჯახში სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებს გულშემატკივრობენ, ხუან კაროლის მადრიდის რეალის სტაჟინია გულშემატკივარია, ხოლო მისი შვილი და მემკვიდრე, ფელიპე ატლეტიკო მადრიდის ქომაგია

იმავე წელს აღიძრა საქმე ხუან კარლოსის შვილის პრინცესა ინფანტას და მისი ქმრის წინააღმდეგ, რომლებსაც გადასახადებისგან თავის არიდებას და ფული გათეთრებას ედავებოდნენ. ხშირი სკანდალების ფონზე, შეირყა თავად ხუან კარლოსის, რეიტინგი, რაც 2014 წელს მისი აბდიკაციით დასრულდა. 

ბოლო წლებში მსხვილი სკანდალების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ხუან კარლოსი ესპანეთში მაინც შეინარჩუნებს ერის გამაერთიანებელი მეფის იმიჯს.

კომენტარები