პოლიტიკა

"ევროკავშირს ადარდებს ქართველების დემოკრატიული მომავალი"- გრეგოროვას მოსაზრება

Pirátské listy

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გრეგოროვას სტატია საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე მისი "მწვანეების" ვებგვერდზე გამოქვეყნდა

სტატიას გრეგოროვა გასულ წელს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრით იწყებს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ შეთანხმება, რომლის მიზანიც უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის შემოღება და ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნება იყო, უფრო ღრმა კრიზისით დასრულდა. 

გრეგოროვა საუბრობს საპარლამენტო არჩევნებზეც და ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. "ამ დროიდან მოყოლებული ქვეყანა საპარლამენტო კრიზისშია, როდესაც ორივე მხარე დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ძირს უთხრის ნდობას ერთმანეთის მიმართ". გრეგოროვას თქმით, კრიზისი კიდევ უფრო მას შემდეგ გაღრმავდა, რაც გასულ კვირას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. 

"პოლიტპატიმრების პრობლემის მოგვარება და მათი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, ისევე როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილება, თუმცა ვხედავთ, რომ პოლიტპატიმრების პრობლემა არ ამოწურულა". – წერს გრეგოროვა. 

ევროპარლამენტარი წერს, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი, გრეგოროვა, ასევე ხაზს უსვამს ევროკავშირის როლს მიმდინარე კრიზისის მოგვარებაში. "ბოლო 4 თვის განმავლობაში მიმდინარე კრიზისი და  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უნდა იყოს სიგნალი ევროკავშირისთვის, რათა გააძლიეროს ძალისხმევა კრიზისის განსამუხტად."

გრეგოროვას თქმით, საქართველოში არსებული პოლარიზაცია ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და ყველა მხარემ კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით უნდა იმუშაოს ვითარების დეესკალაციისთვის. 

მისი თქმით, ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიერ გაწეული ძალისხმევა არ არის საკმარისი. "ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარებმა უნდა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით შექმნილ ვითარებას და გვადარდებს მათი დემოკრატიული მომავალი". – ამბობს გრეგოროვა. 

გრეგოროვა ასევე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის დამატებითი წარმომადგენლების გამოგზავნის აუცილებლობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციისთვის. მისი თქმით, ამის საჭიროება განპირობებულია არა იმით, რომ თბილისში მყოფი წარმომადგენლობა ვერ ახერხებს მედიაციას, არამედ იმით, რომ შექმნილი კრიზისის დაძლევა მხოლოდ ექსტრაორდინალურ ნაბიჯებს შეუძლია.

საქართველოში იმყოფება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე ჩავიდა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან.  მოსალოდნელია, რომ მიშელის მედიაციით დღეს ღამით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი შეხვედრა გაიმართება.

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ,  2 მარტს, დატოვებს. 

კომენტარები