გიორგი შაქარაშვილის საქმე

სასამართლომ შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების პატიმრობა ძალაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმის ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო.

პროცესი 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ბრალდებულების 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მათი ადვოკატები ითხოვდნენ. შუამდგომლობას პროკურატურა ეწინააღმდეგებოდა. გამომძიებლების თქმით, ბრალდებულებმა, გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლოა, მტკიცებულებები გაანადგურონ და მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ.

ადვოკატების თქმით, არასწორია, რომ ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება ერთბაშად, გარემოებების გათვალისწინების გარეშე შეუფარდეს, რაც უსამართლობაა.

პროკურორი ადვოკატების ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მისი თქმით, სასამართლომ თითოეულ მათგანზე სათითაოდ იმსჯელა.

მისივე თქმით, ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი – ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ. მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

სასამართლომ უნდა იმსჯელოს პროკურატურის იმ შუამდგომლობაზეც, რომლითაც გამოძიებამ სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის ჩატარების 1 თვით გადადება მოითხოვა. უწყების თანახმად, ეს დრო მათ საქმის მასალების სრულად მოსაპოვებლად სჭირდებათ.

არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

თავდაპირველად გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა, ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები