გიორგი შაქარაშვილის საქმე

მირიან ნიკოლაძე: დაზიანების მიყენებისთანავე არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს დინებას

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ახალი ჩვენებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, შაქარაშვილის გარდაცვალების ახალ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას ალყაში მოაქციეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დინებას გაატანეს.

"იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ 6 პირი, ვისზეც ოჯახი ამბობს, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენები, ეს ნამდვილად ასეა. გამოკიდებული 5 ადამიანიდან 3 გამოჰყვა გამოქცეულ ბავშვებს. ვგულისხმობ ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილს და ახვლედიანს. გამოჰყვნენ ხიდის მიმართულებით, ანუ გადმოკვეთეს ხიდი, ხოლო ორი მათგანი ხიდზე გადმოსვლამდე ჩავიდა ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და მოაქციეს ალყაში. დაზიანების მიყენებისთანავე, იქვე, მდინარე არაგვში ჩაახრჩეს ბავშვი და გაატანეს დინებას". – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზისავე თქმით, სიკვდილამდე შაქარაშვილს არაერთი დაზიანება მიაყენეს, მათ შორის, ბლაგვი საგნით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

კომენტარები