აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის საწინააღმდეგო ახალ სანქციებს მხარი დაუჭირა. ახალი სანქციები კიდევ ერთ რუსულ გაზსადენს "თურქულ დინებასაც" შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ, რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ახალი სანქციების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში მაისში მოხდა, პროექტის ავტორები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზია არიან.
ახალი პროექტი ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის სანქცირებას გულისხმობს, რომლებიც მილსადენის გაყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე იმ სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც მშენებლობაში მონაწილე გემებს დააზღვევენ. სანქციების პროექტი, ასევე, ითვალისწინებს, იმ კომპანიების სანქცირებასაც, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში შესაბამის სერტიფიკატს გასცემენ.
ახალი სანქციების ამოქმედებისთვის, პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება და მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.
კონგრესის გადაწყვეტილებას Tweeter-ზე გამოეხმაურა, რესპუბლიკელი, სტივ უომაკი. "რუსეთი ცდილობს დაასრულოს Nord Stream 2-ი რათა წნეხში ამყოფოს ჩვენი ევროპელი მოკავშირეები. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ვლადიმერ პუტინის მტრულ სტრატეგიას". – განაცხადა უომაკმა.
გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.
2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.
იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა.
გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.