გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურორი: გვეგონა, გვარამია დადასტურებულ ინფორმაციას ფლობდა - სიმართლე არ აღმოჩნდა

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ტელეეთერებზე დაყრდნობით, იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმეზე დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე". – ამბობს ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვის დასრულების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი.

პროკურორის თქმით, ნიკა გვარამიამ უარი თქვა ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე.

"დღეს, ფაქტობრივად, ნიკა გვარამიას მიეცა შესაძლებლობა, გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია და ეთანამშრომლა, რაც მან არ გააკეთა. ნიკა გვარამიას დაესვა უამრავი კითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მას ჰქონდა სატელევიზიო ეთერში საუბარი და უმრავლესობაზე განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდების შემთხვევები, როდესაც წყაროები აწვდიდნენ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში წყაროების დასახელებაზე განაცხადა უარი. 

რაც შეეხება ვარაუდებს, ასეთი ვარაუდი იყო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო ბილანიშვილი და უამრავი ფაქტი იყო კიდევ, რაზეც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები.

ტელეეთერში გაკეთებული განცხადებების ნაწილში ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა შემდგომ აცხადებდა, რომ ეს იყო ვარაუდები და ა.შ.". – თქვა პროკურორმა.

გამოკითხვაზე შესვლამდე ნიკა გვარამიამ თქვა, რომ წყაროს გასაჯაროებას არ აპირებდა, თუმცა, მისივე თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან იყო.

რამდენიმე დღის წინ, მთავარმა არხმა გაავრცელა სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები. მასში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობდა, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება და, სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე", 8 ივლისს ავთანდილ ბილანიშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. იმავე დღეს, 17:19 საათზე, სწორედ მაშინ, როცა "კაწროს" კითხავდნენ, TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის "ავტორიტეტი" ავთანდილ ბილანიშვილია. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანიშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას, სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანიშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

მოგვიანებით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი და არა ქუჩის "ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. შსს "მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე" აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა. 

"დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი - თბილისის მიმართულებით". – აცხადებს შსს.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში "პირად საქმეზე" გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.

ქუჩის ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იმავე "კაწროს" მტკიცებით კი, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არც დაკავებულებს და არც დაზარალებულებს არ იცნობს და "რაღაცას მტენიან".

კომენტარები