გიორგი შაქარაშვილის საქმე

ნიკოლაძე: კატეგორიულად ვითხოვთ, Toyota Camry-ს ექვსივე მგზავრს წარედგინოს ბრალი 109-ე მუხლით

TV Pirveli

"ოჯახს ექნება დღეიდან კატეგორიული პოზიცია პროკურატურის და შსს-ს მიმართ - ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო" - თქვა საგანგებო პრესკონფერენციაზე 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ. ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, ექსპერტიზის შედეგები ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და "შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში". 

შაქარაშვილის ბიძის თქმით, ოჯახი ითხოვს ექვს ახალგაზრდას (ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები - ა.ქ და ზ.ხ) რომლებიც ტოიოტა ქამრიში იყვნენ, ჯგუფური გამზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოს ბრალდება.

"ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, ბუნებრივია, კარგია, ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა, ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით. შესაბამისად, ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო... ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყოველა მათგანთან მიმართებით ანუ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული " - განაცხადა ნიკოლაძემ.

რაც შეეხება მერსედესის მგზავრებს, გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, "ვინაიდან ეპიზოდი დასრულებული იყო და ისინი გასცილდნენ შემთხვევის ადგილს, ბუნებრივია, მათთან ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება, თუმცა, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა, ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც".

10 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო - 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც, "გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით". ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს "სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები" ჰქონდა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. საქმის გადაკვალიფიცირების გამო, დაკავებულებს ან მათ ნაწილს, სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდებათ.

კომენტარები