გიორგი შაქარაშვილის საქმე

ექსპერტი: გიორგი შაქარაშვილი სიკვდილისას თითქმის ფხიზელი იყო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ 19 წლის ფეხბურთელი გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

"ალბათ, თქვენ ყველას გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ, რომ აღებული იქნება სისხლი, როგორც ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებით აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იყო სიკვდილის დროს". – თქვა ალექსანდრე გეჯაძემ. 

ექსპერტის შეფასებით, ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც თუკი გიორგი შაქარაშვილი იქნებოდა რაიმე სახის თრობის ქვეშ, ეს მისი მოტორიკული უნარების შეფერხებას გამოიწვევდა. 

ალექსანდრე გეჯაძე სრულად იზიარებს 10 ივლისს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. თუმცა, გარდაცვალებამდე გიორგი შაქარაშვილს მკვრივ-ბლაგვი საგნით არაერთი დაზიანება მიაყენეს. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე, მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო - 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები