უკრაინა-საქართველო

საგარეო: სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა.

"უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და კოლეგას ვითარების გარკვევას დაჰპირდა" - აცხადებს სამინისტრო.

საგარეო უწყების ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროში უკრაინის ელჩიც იმყოფებოდა.

"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობას და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს" - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიევში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 9 ივლისს თქვა, რომ ის ოქტომბერში, "ივანიშვილის დამარცხების და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე" წინა ხაზზე იქნება.

კომენტარები