სიტყვის თავისუფლება

სუს-ის "მსუსხავი ეფექტი": დიდი ძმა Facebook-ზეც გვიყურებს

ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეების Facebook-პოსტებისა თუ საჯარო განცხადებების გამო გამოკითხვაზე დაბარების პრაქტიკა გაახშირა. გამოძიებები  ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების შეზღუდვის და საბოტაჟის მუხლებით მიმდინარეობს. მსგავსი მუხლები ხელისუფლებას ინტერპრეტაციის ვრცელ შესაძლებლობას აძლევს, რადგან მათი მოქმედების არეალი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის.  

მთავრობის მიერ საჯარო დისკუსიისათვის ხელის შეშლისა თუ არასასურველი აზრის შეზღუდვის მცდელობები ახალი ამბავი რომ არაა, ცნობილია, თუმცა აქამდე ეს ირიბად კეთდებოდა, მათ შორის, მარბიელი რაზმებით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული Facebook-გვერდებითა თუ სხვა. სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო გამოკითხვაზე დაბარება კი ახალი პრაქტიკაა, პირდაპირი და მიზანმიმართული პრაქტიკა იმავე მიზნით. 

დაწყებული მარნეულში საპროტესტო აქციის გამოძიებიდან, გაგრძელებული ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის "შუღლის გაღვივების" საქმით და დამთავრებული სულ ბოლო, მთავარი არხის სიუჟეტზე მიმდინარე გამოძიებით, რომელზეც უწყებამ სიუჟეტის შემქმნელი თუ მასში მონაწილე ადამიანების გარდა, ოპოზიციური პოლიტიკოსი და ის ჟურნალისტიც დაკითხა, რომელიც სიუჟეტს მარტივი კითხვით გამოეხმაურა – "ვინმეს გჯერათ, რომ ასე ხდება?"

პირველი, ვინც სუს-მა Facebook-პოსტის გამო გამოკითხვაზე დაიბარა, შეიხი მირტაგი ასადოვია. გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო და ის მარნეულში კარანტინის პერიოდში დაწყებულ აქციას უკავშირდებოდა, რომლის დროსაც მოქალაქეებმა მკაცრი შეზღუდვები 21:00 საათზე, ე. წ. კომენდანტის საათის დაწყებისთანავე საკუთარ ეზოში მდგარი მანქანებიდან დასიგნალებით გააპროტესტეს. 

მირტაგი ასადოვს სუს-ში ჰკითხეს, რატომ გააზიარა Facebook-ზე ბანერი, რომელიც მარნეულელებს აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდა, უწყინარ საპროტესტო აქციაში ჩაბმულიყვნენ. 

თავად შეიხი კი ფიქრობდა, რომ გამოძიება არა ამ ბანერს, არამედ რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ ტელევიზიაში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდა, როდესაც მან სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის მინიჭებული პრივილეგიების კრიტიკისას რიტორიკული კითხვა დასვა – რა მოხდებოდა, თუკი არც თვითონ დაემორჩილებოდა კანონს და რამადანის დღესასწაულზე მეჩეთებს გახსნიდა. 

"ვნახოთ, პრემიერმინისტრი ჩვენ მიმართ როგორ მოიქცევა". – ამბობდა მირტაგი ასადოვი. 

მირტაგი ასადოვის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავდა და სუს-მა ახალი გამოძიების დაწყებაც არ დააყოვნა. 

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების საქმეზე გამოძიება დაიწყო და EMC-ის თანადამფუძნებელი, თამთა მიქელაძე გამოკითხა. 

ამ გამოძიებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომელშიც მან მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა. 

EMC-ის განცხადებით, ჯამდელიანის შეხედულებები სოციალური ქსელების მეშვეობით ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აქტიურად გაავრცელეს, რასაც თან ერთვოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, თუმცა ამ საკითხზე მაღალი თანამდებობის პირებმა და რელევანტურმა უწყებებმა პასუხისმგებლობა არ აიღეს. 

ტაბულასთან საუბარში თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მას უსაფრთხოების სამსახურში გაუთქმელობის ხელშეკრულების დადება მოსთხოვეს. გაუთქმელობის ხელშეკრულების დადება, თავის მხრივ, ხელს უშლის გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას და მასზე მართებული მსჯელობის შესაძლებლობას.

რაც შეეხება მთავარი არხის სიუჟეტს, რომელიც ეთერში 20 ივნისს გავიდა და ახალი კორონავირუსის ფაქტების შესაძლო გაყალბებას ეხებოდა, სუს-მა გამოძიება 25 ივნისს დაიწყო. სუს-ისვე ინფორმაციით, მათ სიუჟეტში მონაწილე პირები გამოკითხეს, რომლებმაც, მათივე ცნობით, თქვეს, რომ სიუჟეტი დამონტაჟებული იყო. 

გამოძიება ამჯერადაც საბოტაჟის მუხლით დაიწყო და მის ფარგლებში უკვე დაიკითხა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე, რომელსაც სიუჟეტიც კი არ გაუზიარებია, მხოლოდ თავისი Facebook-მეგობრის დახურულ (მხოლოდ მეგობრებისთვის განკუთვნილ) პოსტზე დაწერა საკუთარი მოსაზრება. ამ დახურული პოსტის ავტორი ჟურნალისტი ნინო ჭელიძეა, რომელიც სუს-მა ასევე გამოკითხა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისა თუ კომენტარების გამო გამოკითხვაზე დაბარების ფაქტები, ბუნებრივია, კითხვებს აჩენს, ხომ არ ირღვევა სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და ხომ არ ცდილობს ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩახშობას?

სიტყვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მის გარეშე არანაირი თავისუფლება არ არსებობს. ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის თუ იდეების გამოხატვა ცენზურისა და სამართლებრივი სანქციების შიშის გარეშე. თავისუფლების პრინციპი გულისხმობს ინდივიდის თავისუფლებას, იფიქროს, თქვას და გააკეთოს ის, რაც მას სურს მანამ, სანამ ვინმეს ზიანს მიაყენებს. სოციალური ქსელი კი ამ უფლებით სარგებლობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უმთავრესი პლატფორმაა.

მსგავსი გამოძიებების მაგივრად, რომელთაც განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის აშკარა ელფერი დაჰკრავს, პრობლემის მოსაგვარებლად განსხვავებული მიდგომებია საჭირო, თუმცა, მაშინ, როდესაც სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყარო სწორედ მთავრობის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული გვერდებია, სიტუაციის გამოსწორების იმედი მთავრობის მხრიდან ნაკლებად უნდა გვქონდეს.

სუს-ის ეს პრაქტიკა სამართლიანად განიხილება არასასურველი პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვის მცდელობად. 

რატომ სჭირდება ხელისუფლებას მსგავსი პრაქტიკის გამოყენება და პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა? პოლიტიკური აქტიურობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცვლილებები და მაშინ, როდესაც ხელისუფლებას მმართველობის შენარჩუნება და რაც შეიძლება, ნაკლები უკმაყოფილო ამომრჩეველი სურს, მიმართავს არასამთავრობო სექტორსა თუ მედიაზე კონტროლს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას სოციალურ ქსელში, რომელიც თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური რეალობის შექმნაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი დისკუსიის შეზღუდვა დაუშვებელია, ხოლო 318-ე (საბოტაჟის) მუხლი და სხვა მსგავსი მუხლები საბჭოთა გადმონაშთია, რომელიც სახელმწიფოს თვითნებობის შესაძლებლობას აძლევს და საშუალებას იძლევა, ადამიანები არა მარტო სიტყვის თავისუფლების, არამედ სხვა კონსტიტიციური უფლებებით სარგებლობის გამოც გაასამართლონ.

ტაბულასთან საუბარში იურისტი ბოლო, მთავარი არხის სიუჟეტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"გასაგებია, რომ მცდარი ინფორმაცია ეპიდემიის კონტექსტში, შესაძლოა, ქმნიდეს განსხვავებულ რისკებს, თუმცა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამ რისკებს გაუმკლავდეს არა სიტყვის თავისუფლების ჩახშობით, არამედ სხვა გზებით. მით უფრო, რომ მის ხელთაა საზოგადოების ინფორმირების ბევრი ეფექტური მექანიზმი. ამის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიის ლიდერის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლისა და ჟურნალისტის უსაფრთხოების სამსახურში დაბარება მათი საჯარო განცხადებების ან სოციალური მედიის პოსტების გამო, პოლიტიკური პოლიციის მეშვეობით, აზრის კონტროლის მძაფრ ასოციაციებს აჩენს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ დიდწილად საბჭოთა მემკვიდრეობაა და საბჭოთა სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, მიუხედავად მცდელობისა, ისინი ისე შეელამაზებინათ კოსმეტიკურად, რომ მათი საბჭოთა შინაარსი დაფარულიყო. ამ დანაშაულთა შემადგენლობები იმდენად ფართო და ბუნდოვანი ენითაა განსაზღვრული, რომ სისხლის სამართალში სამართლის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ უძლებს. მათი მხოლოდ მცირე ნაწილი გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის ხარისხის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, თუმცა დიდი ნაწილი საბოტაჟის მოცემული მუხლის სახით კვლავ ძალაშია". – ამბობს დავით ზედელაშვილი.

იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით, მისასალმებელი იქნება, თუკი სახელმწიფო უწყებები გამოძიებას დაიწყებენ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების, საჯაროდ ცნობილი კორუფციის ფაქტებისა თუ ჩინოვნიკების, ან სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. მსგავსი ტიპის გამოძიებები "მსუსხავი ეფექტის" გამოყენებაა გამოხატვის თავისუფლებაზე, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისა თუ მოპოვებისგან.

"ადამიანებით, შესაძლოა, დაინტერესებულიყო გამოძიება მათგან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, ეს პრობლემა არ იქნება, თუ არა ის, რომ თავად გამოძიების მიზანი რამდენად არის დანაშაულების გამოძიება და ხომ არ არის ეს მიმართული სწორედ იმ შესაძლო მოწმეების, ან საკითხში გარკვეული ადამიანების გაჩუმებისკენ ან სხვების შესაძლო გაჩუმებისკენ, რომლებსაც სამომავლოდ მოუწევდათ მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ეს არის აქ მთავარი შეკითხვა, რომელზე პასუხიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის ის, რომ ამას გამოძიება სწორედ ამ ადამიანთა გასაჩუმებლად აკეთებს.

318-ე მუხლის შინაარსი და ფარგლები არის სწორად შესაფასებელი, რა შეიძლება იყოს დანაშაული, იმიტომ, რომ მისი ინტერპრეტაციის პრაქტიკა, ასე ვთქვათ, ვრცელი არ არის, ანუ ხშირად არ ყოფილა გამოყენებული, არ ვიცით, როგორ იქნება ის სამომავლოდ გამოყენებული და ალბათ, შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის ის ცხადი და არაორაზროვანი". – ამბობს მშვენიერაძე ტაბულასთან საუბრისას.

ხელისუფლების ამ პრაქტიკაში კონკრეტული ქვეტექსტები იკითხება, დიდი ძმა თავის მოვალეობას კარგად ასრულებს, თვალყურს გვადევნებს, რომ არაფერი "გავაფუჭოთ", ან სახელმწიფოს არ "გავუფუჭოთ", როგორც ეს 318-ე მუხლში წერია. მსგავსი მუხლებით გამოძიების დაწყება, რომელშიც გაურკვეველია და ნათლად არაა განსაზღვრული, თუ რა ითვლება დანაშაულად და რა – არა, მმართველ ძალას საზოგადოებრივი აზრის კონტროლის ბერკეტს აძლევს, ეს კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი საბჭოთა ცენზურის ხელწერაა.

კომენტარები