სიტყვის თავისუფლება

კაპანაძე მედიებში შესაძლო სპეცმმართველებზე: ამ კანონპროექტის რუსეთსაც შეშურდებოდა

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას, შესაძლოა, მიენიჭოს უფლება, მედიაორგანიზაციებში დროებითი მმართველი დანიშნოს. 

კაპანაძის თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ნებისმიერი ავტორიზებული პირი პარალიზებული იყოს. მისივე თქმით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლება მედიაზე კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

"ეს კანონპროექტი არის ავტორიტარიზმის საუკეთესო ტრადიციებში მომზადებული კანონპროექტი, რომლის შეშურდებოდა რუსეთს, მაგალითად. კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ნებისმიერი ავტორიზებული პირი პრაქტიკულად იყოს პარალიზებული. მას მერე რაც მარეგულირებელი კომისია შეიყვანს იქ თავის დროებით მმართველს.

რაც მთავარია, პრაქტიკულად სასამართლოში რამის გასაჩივრებას აზრს უკარგავს და რაც ასევე წინა პრაქტიკიდანაც ჩანს, მარეგულირებელს აქვს საშუალება, სრულიად აბსურდული დავალება მისცეს ავტორიზებულ პირს და მერე ამ აბსურდული დავალების ვერ შესრულების გამო შეიყვანოს იქ დროებითი მმართველი. ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ხელისუფლება კიდევ უფრო განამტკიცებს თავის კონტროლს მედიაზე, ახლა უკვე ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში ავტორიზებულ პირებზე კონტროლის გზით", - ამბობს კაპანაძე. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს როგორც მაუწყებლობის შესახებ, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას, შესაძლოა, მიეცეს უფლება, მედიებში სპეციალური, დროებითი მმართველი 2 წლამდე ვადით დანიშნოს. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტაბულამ მოიპოვა, ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით ან კანონის ფართო განმარტების გზით. საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინიციატორთა განზრახვაზე, რომ ამ ცვლილებებით შექმნან კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო ეფექტიანი ერთიანი მექანიზმი. 

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მედიის მხრიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები