სიტყვის თავისუფლება

ბოკერია მედიებში შესაძლო სპეცმმართველებზე: პოლიტიკური კონვულსიების, ისტერიის მაგალითია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მედიებს, შესაძლოა, დროებითი სპეციალური მმართველი დაენიშნოთ, "პოლიტიკური კონვულსია და ისტერიაა". 

"ყველა ეს ნაბიჯი არის პოლიტიკური კონვულსიების, ისტერიის მაგალითი, რომელიც დამახასიათებელია ხოლმე იმ გუნდისთვის და, ამ შემთხვევაში, ეს პერსონალურად ივანიშვილს ეხება, რომელიც ხედავს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ასეთ ნაბიჯებს დგამს". – ამბობს გიგა ბოკერია. 

შეკითხვაზე, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შედის და რამდენად შეეხება მაუწყებლებს, გიგა ბოკერია განმარტავს, რომ კანონპროექტში წერია "ყველა ავტორიზებული და ლიცენზირებული სუბიექტი", რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ კანონის გამოყენება ნებისმიერი მედიის მიმართ. 

"ასე რომც არ იყოს და ეს დაგვიმტკიცონ, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა? სასამართლოს რატომ არ ენდობიან? უნდათ, რომ დროის დაკარგვაც არ დასჭირდეთ, ისე შეაშინონ კომპანიები, რომ შეუძლიათ, უცბად გააკონტროლონ და მოუსპონ შესაძლებლობა ეფექტური მოღვაწეობის? რა არგუმენტი აქვთ? – კითხვაზე პასუხი გაგვცენ". – თქვა დეპუტატმა. 

გიგა ბოკერიას თქმით, სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, ევროპული საქართველო პარლამენტის ბოიკოტირებას გააგრძელებს, თუმცა, პარტია საპარლამენტო ტრიბუნას იყენებს მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობას მიიჩნევს. შესაბამისად, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ეს კანონპროექტიც იყოს ასეთი გამონაკლისი. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს როგორც მაუწყებლობის შესახებ, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას, შესაძლოა, მიეცეს უფლება, მედიებში სპეციალური, დროებითი მმართველი 2 წლამდე ვადით დანიშნოს. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტაბულამ მოიპოვა, ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით, ან კანონის ფართო განმარტების გზით. საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინიციატორთა განზრახვაზე, რომ ამ ცვლილებებით შექმნან კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო ეფექტური ერთიანი მექანიზმი. 

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, მედიის მხრიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული. 

კომენტარები