სიტყვის თავისუფლება

გახარია მედიებში შესაძლო სპეცმმართველებზე: მედიის თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენს

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და მაუწყებლობის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას, შესაძლოა, მიენიჭოს უფლება, მედიაორგანიზაციებში დროებითი მმართველი დანიშნოს. 

გახარიას თქმით, ის განუკითხაობა, რომელიც ქვეყანაში ხდება დასასრულებელია. მისივე თქმით, ქვეყანაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, გარდა მფლობელისა, სახელმწიფოც პასუხისმგებელია. 

"მედიის თვალსაზრისით ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მე როგორც ვიცი, საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. 

ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ესეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. 

სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე", - ამბობს გახარია. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მოიცავს ცვლილებებს როგორც მაუწყებლობის შესახებ, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ამ ინიციატივის მიხედვით, კომისიას, შესაძლოა, მიეცეს უფლება, მედიებში სპეციალური, დროებითი მმართველი 2 წლამდე ვადით დანიშნოს. 

იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ტაბულამ მოიპოვა, ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ჩნდება ეჭვი, რომ მისი გამოყენება კომისიას შეეძლება მაუწყებლობის სფეროშიც, მათ შორის, ანალოგიით ან კანონის ფართო განმარტების გზით. საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათი მიუთითებს ინიციატორთა განზრახვაზე, რომ ამ ცვლილებებით შექმნან კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების უფრო ეფექტიანი ერთიანი მექანიზმი. 

ამასთან, მაუწყებლობის შესახებ კანონში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მედიის მხრიდან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას საქმის დასრულებამდე, როგორც ეს მანამდე ადმინისტრაციული კოდექსით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები