საზღვრის გახსნა

რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს - მთავრობის განმარტება

squaremouth.com

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, ლატვიას, ლიტვას, საფრანგეთსა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის, თუმცა გარკვეული მოთხოვნებსაც უწესებს. 

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქეები/რეზიდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეძლებენ. 

მათ გარკვეული პროცედურების გავლაც მოუწევთ, კერძოდ:

  • საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული, სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
  • მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა, საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებისას, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტი.
  • სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

ჩიქოვანის თქმით, საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან ქვეყანაში ყოფნის პერიოდში პროაქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ დანარჩენ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოსთვის საზღვარი არ გაუხსნიათ, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე. წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

მისივე თქმით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ PCR-ტესტი კოვიდ19-ზე, ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. 

შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ისინი ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით განხორციელებული ვიზიტის შემდეგ საქართველოში 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ეს ეხება ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანასაც, რომელსაც საქართველო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უპირობოდ უხსნის საზღვრებს.

ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს და რეკომენდაციის გათვალისწინებით, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის, ასევე საქართველოში შემოსვლის პირობები. 

კომენტარები