საზღვრის გახსნა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

Postimees/Scanpix

6 ივლისიდან ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის. 

ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან მომავალ მგზავრებს. 

ამასთან, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს.

საელჩოს ცნობით, ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

  • საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
  • პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი).
  • საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას

საქართველოს საზღვარი საფრანგეთმა და გერმანიამაც გაუხსნა და ამით ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია გაითვალიწინდა, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა.

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

იტალიამ საზღვარი გახსნა არაწევრი ქვეყნებისთვის, თუმცა 14-დღიან თვითიზოლაციას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდნენ, პირველი ივლისიდან საზღვრები გაეხსნათ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმას არ შეუერთდებიან და ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებისათვის სავალდებულო კარანტინს ძალაში დატოვებენ, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

კომენტარები