უიღურები

გადასახლებული უიღურების ჯგუფი ICC-ს სინძიანგში ჩინეთის გენოციდის გამოძიებისკენ მოუწოდებს

fairplanet

გადასახლებული ​უიღურების ჯგუფებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანეს მტკიცებულებები, რითაც ჩინეთის ოფიციალური პირების, მათ შორის, სი ძინფინგის მიმართ გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

აქტივისტთა ორი ჯგუფისთვის საქმე 6 ივლისს ლონდონში მყოფმა ადვოკატებმა დაარეგისტრირეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებებზე ჩინეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალს იყენებენ.

საქმე დაარეგისტრირეს ჯგუფებმა: "აღმოსავლეთ თურქმენეთის გადასახლებულმა მთავრობამ" და "აღმოსავლეთი თურქმენეთის ეროვნული გამოღვიძების მოძრაობამ". ისინი ამბობენ, რომ უიღურები უსამართლოდ, დეპორტით გაგზავნეს ტაჯიკეთიდან და კამბოჯადან სინძიანგში, სადაც ისინი დააპატიმრეს, აწამეს, მშობიარობის კონტროლი, სტერილიზაცია აიძულეს და სხვ.

ადვოკატები ამბობენ, რომ ამ დანაშაულთა ნაწილი კამბოჯასა და ტაჯიკეთში მოხდა და სასამართლოს იურისდიქცია ამ საქმეებზეც ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი წევრი არ არის. 

მათი არგუმენტი ეფუძნება ICC-ს 2018-2019 წლის გადაწყვეტილებებს, რომ სასამართლოს იურისდიქცია აქვს გამოიძიოს მიანმარში ოფიციალური პირების მიერ როჰინჯას წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები. არც მიანმარია ICC-ს წევრი, თუმცა, ბრალდებების ნაწილი ბანგლადეშში მოხდა, რომელიც ICC-ს ხელმომწერია. 

"ძალიან დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდნენ, რომ სისიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერაფერს იზამდა. ახლა მილიონობით უიღურისთვის, ვისაც ჩინელი მაღალჩინოსნები დევნიან, არის ნათელი სამართლებრივი გზა სამართლიანობისთვის. ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ". – თქვა ერთერთმა ადვოკატმა, როდნი დიქსონმა.

მტკიცებულებები მოიცავს მოწმეთა ანგარიშებს, სატელიტის სურათებს და გაჟონილ სამთავრებო ბრძანებულებებს, რაც ასახავს სინძიანგში უიღურების მასობრივ დაკავებებს და კონტროლს. საერთაშორისო საზოგადოებას ჩინეთისთვის ამის გამო სანქციები არ დაუკისრებია, რადგან იგი ირწმუნება, რომ სინძიანგში მისი "პროგრამები" საშინაო საქმეა და უშიშროების მიზნით ხორციელდება. 

ისინი მოუწოდებენ სასამართლოს, გამოიძიონ უიღურების, ყაზახების, ყირგიზებისა და თურქების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის, გაუჩინარებები, შვილების იძულებითი გადაცემა სახელმწიფო ობოლთა თავშესაფრებისთვის, თურქული ენების გაქრობისთვის მიღებული ზომები, მასობრივი მეთვალყურეობა და სხვა კრიმინალი. 

ისინი მოითხოვენ, რომ სი ძინფინგს ამ კამპანიის დაგეგმვისა და ხელმძღვანელობისთვის ბრალი წარუდგინონ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის კონტროლის მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტები შეიცავს 9-გვერდიან მემორანდუმს, რომელიც 2017 წელს სინძიანის კომუნისტური პარტიის მდივნის მოადგილემ გაუგზავნა რეგიონის უშიშროების ძალების წარმომადგენლებს, მათ, ვინც ბანაკებს მართავს. ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ ისევე, როგორც დაცული ციხეები, მკაცრი დისციპლინითა და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, "ტერორისტებისა" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად იმოქმედონ.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით, რეპრესიებში მოყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით, დოკუმენტები მათ გადასცა ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და, ძირითადად, მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით, ცენტრებში უნდა ისწავლებოდეს მანდარინი და ხელობის სწავლის გარდა, "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ისინი, ვინც ამ ცენტრებს თავი დააღწია, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფასა და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ისინი ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები