უიღურები

FP: პომპეოს ბრძანებით, განიხილება, ჩინეთის მიერ უიღურების რეპრესია გენოციდი არის თუ არა

Politico

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განხილვის ბრძანება გასცა, რათა დადგინდეს, არის თუ არა ჩინეთის მიერ სინძიანგის რეგიონში უიღურების რეპრესირება გენოციდი. ამის შესახებ Foreign Policy ავრცელებს ინფორმაციას ამ საქმეში გათვითცნობიერებულ რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. 

ამ ნაბიჯით იზრდება მოლოდინი, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თანამდებობის დატოვებამდე, შესაძლოა, ჩინეთი გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულოს. 

აშშ გმობს სინძიანგში ჩინეთის მთავრობის ქმედებებს უიღურებისადმი და სხვა ეთნიკური უმცირესობისადმი. აშშ-ს პეკინის ქმედებები ამ დრომდე არ დაუხასიათებია, როგორც გენოციდი. მსგავს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება და ეს ჩინეთისადმი მეტად მკაცრ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. გაეროს შეფასებით, სინძიანგში მილიონზე მეტი მუსლიმია დატყვევებული, აქტივისტები ამბობენ, რომ ის, რასაც პეკინი სჩადის, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე და გენოციდი. 

როგორც ირკვევა, პომპეომ გლობალური სისხლის სამართლის უწყების აშშ-ს ელჩს, მორს ტანს დაავალა, რომ შიდა განხილვას ზედამხედველობა გაუწიოს. ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირების  თანახმად, განხილვა მოიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი იურიდიული მრჩევლის, მარიკ სტრინგისა და სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა და რეგიონალური ბიუროების შეფასებას. 

ადამიანის უფლებათა ექსპერტები ამბობენ, რომ იმ შემთვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ასევე მნიშვნელოვანია და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს ის, თუ რას გადაწყვეტს ტრამპის ადმინისტრაცია ან ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცია, რადგან ამგვარი ნაბიჯი შეიძლება დამატებით სანქციებს მოიცავდეს . 

ოფიციალური პირების თქმით, ცნობილი არ არის, თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

აგვისტოში Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯის გადადგმას განიხილავდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ დრომდე ოფიციალურად ამ მიმართულებით მუშაობა არ დაუწყია.

18 ოქტომბერს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაიენმა, განაცხადა, რომ ის, რასაც ჩინეთი, სინძიანგში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ სჩადის, გენოციდთან ახლოსაა. ასევე ოქტომბერში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთოხების მრჩევლის მოადგილემ, მეთ პოტინგერმა დაგმო ჩინეთის ქმედებები უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობებისადმი და განაცხადა, რომ ქვეყანას, რომლის საზღვრებს შიგნით საკონცენტრაციო ბანაკებია, გამართლება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის კამპანიამ მიმდინარე წლის აგვისტოში სინძიანგში უიღური მუსლიმებისადმი მოპყრობა გენოციდად შეაფასა.  ასევე, კამპანიის დროს ბაიდენმა ჩინეთის მმართველი, სი ძინფინგი, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედად მოიხსენია.

ოქტომბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დემოკრატმა ბობ მენენდესმა და რესპუბლიკელმა ჯონ კორნიმ წარადგინეს ორპარტიული რეზოლუცია, რათა სინძიანგში უიღურების და ეთნიკური უმცირესობების ადამიანის უფლებების დარღვევა ჩინეთის მიერ გენოციდად შეაფასონ. 

იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება გენოციდის პირველი განსაზღვრა 2016 წლის მარტის შემდეგ, როდესაც აშშ-ს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განსაზღვრა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაცია რეგიონის იეზიდური, ქრისტიანული და შიიტი მუსლიმი უმცირესობების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაზე იყო პასუხისმგებელი. 2017 წლის აგვისტოში სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმაც დაასკვნა, რომ ისლამური სახელმწიფო გენოციდის ჩადენაზე ნამდვილად იყო პასუხისმგებელი. 

აღსანიშნავია, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პოველმა გამოაცხადა, რომ სუდანის მთავრობამ გენოციდი ჩაიდინა დარფურში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდეგ საერთაშორისო სისიხლის სამართლის სასამართლომ დანაშაულის გამოძიება დაიწყო, მოგვიანებით კი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გენოციდში დაადანაშაულეს. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასობით ათას უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები