უიღურები

თურქეთში უიღური მუსლიმები ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს აპროტესტებენ

თურქეთში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის, ვიზიტს უიღური მუსლიმები აპროტესტებენ. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისინი განიხილავენ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს, ასევე ორმხრივ ურთიერთობებს. 

"ჩინეთი დიქტატორია"; შეაჩერეთ უიღურების გენოციდი, დახურეთ ბანაკები" - გაიძახდა სტამბოლში შეკრებილი, დაახლოებით, 300 მომიტინგე. 

მომიტინგეთა ნაწილი აღმოსავლეთ თურქმენეთის (დღევანდელი სინძინაგის) დამოუკიდებლობის მოძრაობის ცისფერ დროშებს აფრიალებდა. 

უიღურები ჩინეთის წინააღმდეგ აქციებს ანკარასა და სტამბოლში პერიოდულად მართავენ.  

თებერვალში ჩინეთის საელჩოს სპიკერი გამოეხმაურა თურქეთში ამ აქციებს და თქვა, რომ ისინი ცდილობენ მოატყუონ თურქი ხალხი და ავნონ ურთიერთობებს. 

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ჩინეთმა თურქეთთან ექსტრადიციის შეთანხმების გაფორმება დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პარლამენტს ჯერ არ აქვს რატიფიცირებული 2017 წელს ხელმოწერილი ორმხრივი ხელშეკრულება, ამ ნაბიჯმა უკვე შეშფოთება გამოიწვია თურქეთში მყოფ უიღურების დიასპორაში (დაახლოებით, 50 000 ადამიანი).

უფლებადამცველები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანკარაც მოაწერს შეთანხმებას ხელს, უიღურებს და აქტივისტებს, რომლებიც ჩინეთიდან თურქეთში გაიქცნენ, საფრთხე დაემუქრებათ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავიშოღლუ, უარყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის ექტრადიციის შეთანხმების გაფორმება, უიღურების უკან, ჩინეთში გააგზავნას გამოიწვევს.

უიღურების შეშფოთება ასევე იზრდება, რადგან ანკარა კორონავირუსის ჩინურ ვაქცინებზეა დამოკიდებული. თურქეთმა Sinovac-ის 15 მილიონი დოზა მიიღო და ათობით მილიონი კიდევ შეკვეთილი აქვს. მხოლოდ ახლახან მიიღო თურქეთმა სხვა მომწოდებლისგან, Pfizer-ისგან 1.4 მილიონი დოზა ვაქცინა.

აღსანიშნავია, რომ 19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.

თებერვალში ნიდერლანდების პარლამენტმა, ევროპაში პირველმა, ჩინეთი უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. მანამდე, კანადამ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც, ჩინეთის მიმართ უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდად გამოაცხადა.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

კომენტარები