ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის კანონების მიღების შემდეგ ქალაქის დემოკრატიის მომხრე აქტივისტთა ჯგუფი დაიშალა

30 ივნისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონები მიიღო, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას, ფაქტობრივად, დაასრულებს. ცვლილებებზე უკვე ხელი მოაწერა სი ძინფინგმაც.

კანონების მიღებიდან მალევე ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულმა აქტივისტთა ჯგუფმა, Demosisto-მ, ცნობილი აქტივისტის, ჯოშუა ვონგის ხელმძღვანელობით, დაშლა დააანონსა. 

Demosisto-ს წამყვანი აქტივისტების თქმით, ახალი კანონებით მათი ამჟამინდელი საქმიანობის გაგრძელება რთული იქნება – "ჯგუფის წევრებმა უნდა გამოიყენონ უფრო მოქნილი საშუალებები, რათა პროტესტს შეუერთდნენ".

ჯოშუა ვონგის თქმით, ის კანონების მთავარი სამიზნე იქნება – "თუ ჩემ ხმას მალე ვერ გაიგებთ, ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ილაპარაკებს ჰონგ-კონგისთვის და კონკრეტული ძალისხმევით დაიცავენ თავისუფლების ბოლო წილს".

Demosisto 2016 წელს დაარსდა, როგორც პოლიტიკური პლატფორმა, საიდანაც საკანონმდებლო არჩევნებზე კანდიდატებს აგზავნიდნენ. თუმცა, მათ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან ქალაქის დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. 

ჯოშუა ვონგი ჰონგ-კონგში 2014 წლის ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული, ქოლგების მოძრაობის ერთერთი ლიდერი იყო. პოლიტიკური მოტივით ის არაერთხელ დააკავეს. იმისდა მიუხედავად, რომ ჰონგ-კონგის საგარეო ურთიერთობებს ოფიციალური პეკინი განაგებს, გასულ წელს ვონგს აშშ-ის მეირ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონის მიღებაზე აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს, ის ასევე შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირებს, რასაც პეკინის გაღიზიანება მოჰყვა. კომუნისტურ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა იყო. 

"ჰონგ-კონგელი ხალხის ბრძოლა არ შეჩერდება, გაგრძელდება უფრო მიზანდასახული დამოკიდებულებით". – თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ კანონები უკვე მიიღეს, მათი დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. ჰონგ-კონგში ეჭვობენ, რომ მათ დისიდენტების გასაჩუმებლადაც გამოიყენებენ. 

ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობის ადვოკატირების ჯგუფმა ჰონგ-კონგის ეროვნულ ფრონტში თქვა, რომ ჰონგ-კონგში ოფისს ხურავენ. თუმცა, ორგანიზაცია ტაივანსა და ბრიტანეთში ქალაქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 

კიდევ ერთმა ჰონგ-კონგელმა აქტივისტმა, ვაინი ჩანმა, ქალაქის დატოვება დააანონსა. ის ამბობს, რომ მას დაკავება ემუქრება.

ამ დროისთვის გამოქვეყნებულია მხოლოდ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონების გეგმა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეეძლება. ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებსაც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს.

ჩინური მედია წერს, რომ კანონები ჰონგ-კონგის მმართველს შესაძლებლობას მისცემს, თავად აარჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის სასამართლო კვლავ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებს, ჩინეთის უშიშროების ორგანოებს ექნებათ ძალაუფლება, საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ საქმეებზე. განსაზღვული არ არის კრიტერიუმები, რომლითაც ეს საქმეები შეირჩევა.

ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ჩინეთის პრემიერი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კანონს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ის ქალაქის ავტონომიას ძირს გამოუთხრის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი ჰონგ-კონგის თავისუფლებების შეზღუდვაზე პასუხისმგებელ ჩინელ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. 19 ივნისს, პომპეოს თქმით, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია ჰონგ-კონგს ექცევა ისე, როგორც ჩინურ ქალაქს, აშშ-ც ასე მოიქცევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰონგ-კონგს აშშ-სთან ყველა არსებული პრივილეგია გაუუქმდება.

25 ივნისს აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის ავტონომიის კანონპროექტს. მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში იმ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიას პეკინის პოლიტიკის მხარდაჭერით ეწინააღმდეგებიან, სანქციებს დაუწესებენ. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ბანკებისთვისაც, რომლებიც საქმეს იჭერენ იმათთან, ვისაც წვლილი მიუძღვის ქალაქის ავტონომიის განადგურებაში.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, პირველ ივლისს 23 წელი გავა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა იმ პირობით, რომ იმოქმედებდა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობები. ამ თარიღს დემოკრატიის მომხრეები ჩვეულებრივ მასშტაბური აქციები აღნიშნავენ ხოლმე, თუმცა, მიმდინარე წელს ახალი კანონების გამო ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ე. წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

კომენტარები