ჰონგ-კონგის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით დაშავდა. ამასთანავე, შენობებიდან ამ დრომდე გაურკვეველი რაოდენობის ადამიანი ვერ ახერხებს გამოსვლას.
გავრცელებული ცნობებით, 31-სართულიან კორპუსებში მასშტაბურ ხანძარს ამ დროისთვის 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ხანძრის ამსახველი ვიდეოებიც:
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, 2 000 ბინას მოიცავს და ჯამში რვა კორპუსისგან შედგება. სახანძრო სამსახურის დეპარტამენტმა გამოცემა Rueters-ს განუცხადა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენი ადამიანია შენობებში ჩარჩენილი.
ხანძრის გაჩენამდე კორპუსები ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპლექსში რემონტი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჰონგ-კონგი ერთ-ერთი ბოლო ადგილია მსოფლიოში, სადაც ბამბუკისგან დამზადებული ხარაჩოები ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. Reuters-ის ცნობით, ხანძარი გააუარესა ძლიერმა ქარმაც.
მთავრობამ, უსაფრთხოების საბაბით, ქალაქში ბამბუკის ხარაჩოების გამოყენებაზე შეზღუდვები მარტში შემოიღო და გამოაცხადა, რომ სახელმწიფო სამშენებლო სამუშაოების 50%-ში ლითონის ჩარჩოების გამოყენება სავალდებულო გახდებოდა.





