ჰონგ-კონგი

ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჯიმი ლაი
EPA

ჰონგ-კონგში ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკოსს, პროდემოკრატიულ მედიამაგნატსა და პოლიტიკოს ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ჩინეთმა ჯიმი ლაი ჰონგ-კონგში განსხვავებული აზრის ჩახშობის კამპანიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცია 2019 წელს გამართული მასშტაბური პროდემოკრატიული აქციების შემდეგ. ხელისუფლება მას წარმოაჩენდა აქციების მთავარ ორგანიზატორად, რომელიც თავის პოპულარულ გაზეთს, Apple Daily-ს იყენებდა ჰონგ-კონგის მთავრობისა და პეკინის მხარდამჭერების მიმართ წინააღმდეგობის გასაღვივებლად.

ლაი დეკემბერში გაასამართლეს ამბოხის შემცველი სტატიების გამოქვეყნებისა და ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, ჰონგ-კონგისა და ჩინელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების მოწოდებისთვის. ლაი, რომელიც 2020 წლიდან პატიმრობაში იმყოფება, საკუთარ თავს "პოლიტიკურ პატიმრად" მოიხსენიებს, თუმცა ჰონგ-კონგის უზენაესი სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ ეს შეფასება უარყო.

ლაისთვის გამოტანილი განაჩენი ყველაზე ხანგრძლივია ჰონგ-კონგის 5 წლის წინ მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის ფარგლებში.

ლაის ადვოკატების თქმით, მას რამდენიმე ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და იზოლირებულ საკანში ყოფნა მძიმე გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე. მათი თქმით, ლაიმ ასეთი იზოლაცია უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, თავად მოითხოვა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს ჰონგკონგელი მედიამაგნატის გათავისუფლების განხილვა სთხოვა.

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს," უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. "მე ვესაუბრე პრეზიდენტ სის ამ საკითხზე და ვთხოვე, რომ მისი გათავისუფლება განეხილა," აღნიშნა მან.

78 წლის ლაის განაჩენი ასევე დაგმო გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა და მას "პოლიტიკურად მოტივირებული დევნა" უწოდა.

 

კომენტარები