ჰონგ-კონგის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსში გაჩენილი მასშტაბური ხანძარის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. ამასთანავე, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 279 პირი.
ბოლო ცნობებით, ჰონგ-კონგის პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით მკვლელობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ხანძრის ამსახველი ვიდეოებიც:
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, 2 000 ბინას მოიცავს და ჯამში რვა კორპუსისგან შედგება. სახანძრო სამსახურის დეპარტამენტმა გამოცემა Rueters-ს განუცხადა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენი ადამიანია შენობებში ჩარჩენილი.
ხანძრის გაჩენამდე კორპუსები ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპლექსში რემონტი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჰონგ-კონგი ერთ-ერთი ბოლო ადგილია მსოფლიოში, სადაც ბამბუკისგან დამზადებული ხარაჩოები ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. Reuters-ის ცნობით, ხანძარი გააუარესა ძლიერმა ქარმაც.
მთავრობამ, უსაფრთხოების საბაბით, ქალაქში ბამბუკის ხარაჩოების გამოყენებაზე შეზღუდვები მარტში შემოიღო და გამოაცხადა, რომ სახელმწიფო სამშენებლო სამუშაოების 50%-ში ლითონის ჩარჩოების გამოყენება სავალდებულო გახდებოდა.





