ვენესუელა

მადურომ ვენესუელაში ევროკავშირის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა

ნოკოლას მადურო
Reuters

ნიკოლას მადურომ ვენესუელაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს, იზაბელ პედროსას ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. მიზეზი ევროკავშირის მიერ მადუროს რეჟიმის 11 წარმომადგენლისათვის სანქციების დაწესებაა. სანქციების სიაში მოხვდა ოპოზიციონერი ლუის პარა, რომელსაც მადურო მხარს უჭერს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე. ეს პოსტი ამჟამად ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს უკავია, რომელიც აშშ-მ და კიდევ 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირის წევრებმა, ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარეს.

"ვინ არიან ისინი, რომ გვემუქრებიან? ჩვენ ამას 72 საათში გავარკვევთ. [იზაბელ პედროსას] თვითმფრინავს გამოვუყოფთ ქვეყნის დასატოვებლად". - თქვა მადურომ.

ვენესუელის საჰაერო სივრცე კორონავირუსის გამო დახურულია, თუმცა, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩისათვის გამონაკლისს დაუშვებენ.

ევროკავშირსა და ვენესუელას შორის ურთიერთობა 2017 წლიდან დაიძაბა, როდესაც ის პირველი ლათინოამერიკული ქვეყანა გახდა, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები და იარაღზე ემბარგო დაუწესა.

კომენტარები