ტაბულა

მთავარი რედაქტორის წერილი გერმანიის ელჩს

ტაბულა

მთავარი რედაქტორის წერილი გერმანიის ელჩს

მთავარი რედაქტორის წერილი გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს

თქვენო აღმატებულებავ, უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას გადაგიხდით გამოხმაურებისთვის.

გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ თქვენ მიმართ ჩვენი ინტერესის გაზრდა მხოლოდ 8 მარტის შეთანხმებაზე გაკეთებული ბოლო განცხადების შემდეგ შენიშნეთ. ინტერესი შარშან გაიზარდა, მას მერე, რაც ხელისუფლებამ 20 ივნისის დარბევის გასამართლებლად თქვენი გამოყენება სცადა. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდა მას შემდეგ, რაც თქვენი განმარტებები ვიხილეთ, გერმანიაში რუსეთის მიერ მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც თქვით, რომ პროკურატურა გარდაცვლილს ციტირებდა.

მოგეხსენებათ, ციტატის გამოყენებას წესი აქვს, ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ დაიცვა ეს წესი გერმანიის პროკურატურამ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულად აღწერისას და "პრორუსული ხელისუფლება" ხანგოშვილის ციტატად არ მიუთითა.

ხანგოშვილი რუსებმა გერმანიის ტერიტორიაზე ფიზიკურად გაანადგურეს, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხლები არიან უმცირესობები, რომელთა ბედნიერება, უსაფრთხოება და სიცოცხლე არა ტყვიებს, არამედ რუსულ პროპაგანდას ეწირება. პროპაგანდას, რომელიც ქართული საზოგადოების ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განწყობებს იყენებს.

ამ ფონზე, განსაკუთრებით გაგვაოგნა თქვენმა თავდასხმამ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჰომოფობიითა და ქსენოფობიით გამორჩეული დეპუტატის, სოფიო კილაძის მხარდასაჭერად.

ალბათ, იცით – დიდწილად ქართული სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა ის, რომ დღეს რელიგიურ უმცირესობებს ძველებურად აღარ დევნიან – ისინი აღარ დგანან ფიზიკური განადგურების რისკის წინაშე, მათ არ პარსავენ თავებს, მოედნებზე აღარ იწვის მათი ლიტერატურა.

ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რომ დღეს იმავე მდგომარეობაში LGBTQ თემის წევრები არიან – განსაკუთრებით, არასრულწლოვნები, რომლებსაც სისტემატური ძალადობის რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება, მათ შორის, ვლადიმირ პუტინის გეოპოლიტიკური ამოცანების გამო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენი, გერმანიის ელჩის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმამ კიდევ უფრო გაზარდა თქვენ მიმართ საჯარო ინტერესი.

სწორედ გაზრდილ საჯარო ინტერესს უპასუხა იგორ კუროპტევმა, როდესაც დეკემბერში ჩაწერილი ინტერვიუ თქვენთან 28 ივნისს ხელახლა გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე.

გაზრდილ საჯარო ინტერესს ემსახურებოდა ტაბულა, როცა თქვენი ინტერვიუ გაცილებით უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო − ქართულად.

ბუნებრივია, ტაბულას ინტერესშია, გაარკვიოს, რამ განაპირობა ის, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგაც კი თქვენ საქართველოს ადანაშაულებთ ვლადიმერ პუტინისთვის ომის დაწყების საბაბის მიცემაში.

რადგან ინტერვიუში ტალიავინის კომისიას ეყრდნობით, ჩვენთვის ასევე საინტერესოა თქვენი კომენტარი ტალიავინის დასკვნის ფაქტობრივ ნაწილზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და დაქირავებული მებრძოლები საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე, სულ მცირე, რამდენიმე დღით ადრე შემოიჭრნენ.

პოლიტიკას ჰიპოთეტური კითხვები არ უყვარს, მაგრამ ჩვენ მაინც გვაინტერესებს, ჩათვლიდით თუ არა casus belli-დ რუსეთის რეგულარული არმიის შეჭრას გერმანიის ტერიტორიაზე და იტყოდით თუ არა, რომ პასუხის გაცემით "გერმანიამ საბაბი მისცა რუსეთს ომის დასაწყებად".

რაც შეეხება ტაბულას მიერ დაშვებულ უზუსტობას.

ტაბულას სხვა მედიებისგან ის გამოარჩევს, რომ შეცდომის გამოსწორებას არ აყოვნებს. ათწლიანი არსებობის განმავლობაში ამის რამდენიმე პრეცედენტი არსებობს. გაუგებარია თქვენი პრეტენზია "უჩუმრად გასწორებასთან" დაკავშირებით მაშინ, როცა სტანდარტი გულისხმობს უზუსტობის აღმოფხვრას იქ, სადაც ის დაუშვეს.

გიდასტურებთ, რომ ჩვენ კვლავინდებურად ასე გვესმის თქვენი განცხადების სულისკვეთება − ამართლებთ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას პარლამენტის ბლოკირებისას და ამ მიმართულებით პროგრესს უწონებთ.

თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ თქვენი პასუხი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლეოდა, გასწორდა იქვე, სადაც გამოქვეყნდა და ჩანაცვლდა თქვენივე ზუსტი ციტირებით, რომ მკითხველისთვის "თარგმანში დაკარგვის" სივრცე მოგვესპო, ზუსტად ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს.

არ გვიჭირს ბოდიშის მოხდა, როდესაც მივიჩნევთ, რომ შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლით, რომ თქვენი განცხადების სულიკვეთება და შინაარსი სწორად გვესმის.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას და გამოვხატავთ გულწრფელ სურვილს, ნათელი პასუხი მივიღოთ ზემოაღნიშნულ საკითხებზე, რისთვისაც გთავაზობთ ჩვენს პლატფორმას.

პატივისცემით,

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტაბულას მთავარი რედაქტორი

კომენტარები