2024 წლის 17 სექტემბერს, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაცემა "АнтиФейк"-ში სტუმრად მიწვეული იყო პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია.
გადაცემის მთავარი თემა ივანიშვილის რეჟიმის მიერ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მიღებული რუსული კანონი და მასთან დაკავშირებული პროტესტი იყო. გადაცემაში ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ლიდერებზე, თამარ ჩერგოლეიშვილზე და გიგა ბოკერიაზე ისაუბრეს.
"რუსული კანონი სავარაუდოდ უკვე ძალაშია საქართველოში. ვინ და რატომ კვებავს მეზობელი რესპუბლიკების მოსახლეობებს საშინელებათა ისტორიებით და საიდან ფინანსდება ქართული ონლაინ გამოცემა ტაბულა და მისი ანტირუსული "გალობები" – წერია გადაცემის აღწერაში.
წამყვანმა ტაბულა აღწერა, როგორც "ულტრალიბერალური" მედია, ხოლო მისი დამფუძნებელი და პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, როგორც "ანტიქრისტე", მან ასევე გაიმეორა რუსი სატელიტების ნარატივი გიგა ბოკერიას შესახებ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის "ეკლესიასა და სასულიერო პირებს დევნიდა".
"ტაბულა, კერძოდ კი თამარა ჩერგოლეიშვილი, ეს ადამიანი უბრალოდ ანტიქრისტეა. სხვათაშორის, მისი [ჩერგოლეიშვილი] ქმარი, გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა. ის არის სააკაშვილის რეჟიმის მთავარი სულისჩამდგმელი და იდეოლოგი. მთავარი დამნაშავე ეკლესიისა და სასულიერო პირების დევნაში. ის თვითონ ჯდებოდა მანქანაში, ანგრევდა კარებს და პირდაპირ იჭრებოდა ეკლესიაში. ამით, ისინი აჩვენებდნენ, თუ ვინ იყვნენ საქართველოს მეპატრონეები. მათთვის ეკლესია მტერია. ის [ჩერგოლეიშვილი] და მისი ქმარი გაიზარდნენ სოროსის ფონდით. ტაბულა ჯერ არ არსებობდა, როდესაც ისინი 2000-იანი წლებიდან იღებდნენ გრანტებს და ამ გრანტებზე სხედან. გრანტიჭამიები არიან, შეხედეთ მის [ბოკერია] სახეს. ისინი ძალიან სახიფათო ადამიანები არიან, როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ასევე მთლიანად რელიგიისთვის საქართველოში" – ამბობს ფიფია.
ცნობისთვის, 26 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ფიფიამ პუტინისტური დაჯგუფება "ღამის მგლებს" საქართველოში დაპატიჟა და თქვა რომ "რუსეთი აყვავდება"
"კლუბი "ღამის მგლები" აუცილებლად უნდა იყვნენ საქართველოში. ჩვენ გელოდებით. მადლობა მიწვევისთვის! რუსეთი აყვავდება!" - ამბობს პრორუსი ფიფია გავრცელებულ ვიდეოში.
პუტინისტი "ღამის მგლების" ლიდერმა, ალექსანდრ ზალდოსტანოვმა ვიდეოში ფიფიას რუსეთის დროშა აჩუქა, ხოლო ფიფიამ მას საქართველოს დროშა გადასცა.
ვიდეოს ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე Facebook-ზე ავრცელებს.
ფიფიას პრორუსული პარტიის წევრები 4 აგვისტოს გეორგიევსკის ტრაქტატის 241 წლისთავის აღსანიშნავად თელავში ჩავიდნენ და ერეკლე II-ის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
მათ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნითა და "ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის" დადების შეთავაზებით მიმართეს.
მამუკა ფიფიას თქმით კი, საქართველოს "სახლში დაბრუნება სჭირდება".
"ჩვენ გადაგვარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა. რო არ ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო, არ ვიცი, იქნებოდა თუ არა საერთოდ. [...]
ჩვენ 32 წელია ერთ წრეში დავდივართ [გულისხმობს საბჭოთა კავშირის დაშლიდან გასულ დროს]. ჩვენ გვჭირდება სახლში [რუსეთში] დაბრუნება" - თქვა ფიფიამ ჟურნალისტთან საუბრისას.
პარტიამ მიმართვა წინა დღეს, 3 აგვისტოს დააანონსა.
ფიფიას პუტინისთვის ადრეც მიუმართავს. მაშინ სერგეი გავრილოვთან დაახლოებული, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი პუტინს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას სთხოვდა.





