გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი: სამარცხვინოა, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა ენგრევათ

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სამარცხვინოდ მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჩვიდმეტივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, ვინაიდან, "19-20 წლის სპორტსმენებს კარიერა ენგრევათ".

"დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო. სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ და სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს". – თქვა კობაიძემ.

ადვოკატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მცხეთის სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ახალგაზრდა 26 ივნისს დააკავეს. მათგან რამდენიმე არასრულწლოვანია.

დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

"გადმოგვეცემა განჩინება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შესახებ, გავეცნობით და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შერჩეოდათ აღკვეთის უკიდურესად მძიმე სახე, პატიმრობა". – ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე ოფიციალური – პროკურტურის ვერსია წაიკითხეთ აქ.

კომენტარები