არჩევნები 2020

მათიკაშვილი: ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილმა კრიმინალურმა ძალამ რურუა ლიდერად აღიარა

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ხვალ, 29 ივნისს, ქართული ოცნება, დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს და ამით "ზედმიწევნით შეასრულებს" 8 მარტის შეთანხმებას. 

მათიკაშვილის თქმით, "ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ე.წ სამეგობრო, საახლობლო, გადაიქცა და კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა". 

"რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა სახე. ის დეგრადირდა და ჩამოყალიბდა კრიმინალურ ძალად სწორედ იქ, სადაც ეს ერთობა გიორგი რურუას თავის პოლიტიკურ ლიდერად აღიარებს".– ამბობს მათიკაშვილი

საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა 29 ივნისსაა დაგეგმილი. სესია 12 საათზეა დანიშნული. იმავე დღესაა დაგეგმილი გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, რომელიც 11 საათზე დაიწყება. 

25 ივინსს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები რურუას აღკვეთის ღონისძიების 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. 

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

მანამდე, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს – ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

კომენტარები