გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურატურა: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანს ბრალი წარუდგინეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

"საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების წარმართვას და მართლმსაჯულების აღსრულებას. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართ", - წერია პროკურატურის მირ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებულ 17 პირს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა. 

რა ვიცით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - დეტალურად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები