არჩევნები 2020

ჭიჭინაძე: ისანში არასდროს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის იმედად

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე, რომელიც კვლავ აპირებს, იმავე ოლქში იყაროს კენჭი, ტაბულასთან ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვის დაუჭერს მხარს ისანში ნაციონალური მოძრაობა.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, მისი პარტია ისანში "ყველა თავისი რესურსით" გიორგი ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

"ნაციონალური მოძრაობაა და ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს, მე რა კავშირში ვარ", ამბობს ჭიჭინაძე და დასძენს, რომ არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის იმედად.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ენმ-ს მიერ გიორგი ვაშაძის მხარდაჭერით მისი საარჩევნო შანსებისთვის "არანაირი ცვლილება არ იქნება".

კითხვაზე, ვინ იქნება მისი მთავარი კონკურენტი ისანში, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ "არცერთი".

"ვინც არ უნდა იყვნენ, მაგათი სახელი და გვარი ამომრჩევლისთვის არაფერს არ ნიშნავს. რომელ პოლიტიკურ პარტიებს ამოეფარებიან და რას ამოეფარებიან თავისი წარსულებით, არც ეგ არავისთვის არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე წარსული მოჰყვება ყველას და მე საქმითა ვარ წარმოდგენილი და ხალხი, მე ვფიქრობ, თვალნათლივ ხედავს, როგორი დეპუტატი ჰყავს". - ამბობს ჭიჭინაძე.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, "მუდმივად ისმის შეკითხვა ისნის ოლქზე" და მას სურს, რომ ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ "სპეკულაციებზე" რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯოს.

გიორგი ვაშაძის (ახალი საქართველო) კანდიდატურა ისანში ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ივნისს წარადგინეს. როგორც ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციონერებმა მოილაპარაკეს, ისინი ერთმანეთს ამ ექვს ოლქში კონკურენტებს არ დაუყენებენ. დანარჩენი ხუთი ოლქი ამგვარად ნაწილდება:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი - ნიკა მელია (ენმ).
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი - შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

ცნობილია ისიც, რომ ისანში კენჭისყრას აპირებს ოლქის ამჟამინდელი მაჟორიტარი, დავით ჭიჭინაძეც, რომელიც 2016 წელს ქართული ოცნების კანდიდატი იყო, თუმცა ის 2018 წლის ივლისში პარტიიდან გარიცხეს. ამის შემდეგ დავით ჭიჭინაძემ პოლიტიკური ორგანიზაცია ტრიბუნა დააარსა.

კომენტარები