ეკონომიკა

როგორია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და რა შეთავაზებები ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს

ბოლო 100 წლის მანძილზე გლობალური ეკონომიკა უპრეცედენტოდ მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 4,8%-დან 5,5%-მდე შემცირდეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკა შესაძლოა 2.8%-ით შემცირდეს, აზერბაიჯანის კი − 2.6%-ით.

ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი საქართველოს ეკონომიკას ბოლო ათწლეულში ყველაზე მასშტაბური ვარდნა ელოდება. ბოლოს საქართველოს ეკონომიკა 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისისა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, 3,8%-ით შემცირდა.  

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს დაეყრდნო და განახლებულ ბიუჯეტში კლების პროგნოზად 4% განისაზღვრა. ამგვარი პროგნოზი ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება, მით უფრო იმ ფონზე, რომ, არ ვიცით როგორი იქნება წლის დარჩენილი პერიოდი − აღდგება თუ არა ტურიზმი, რამდენით შემცირდება ფულადი გზავნილები და იქნება თუ არა პანდემიის მეორე ტალღა. 

მთავრობის ზედმეტ ოპტიმიზმეა საუბარი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მომზადებულ ბიუჯეტის მიმოხილვაში. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკა 4%-ზე მეტით შემცირდება. მთავრობის უადგილო ოპტიმიზს ხაზს უსვამს ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 655 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც მშპ-ს 3,8%-ს შეადგენს. 

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული მიმოხილვაც, რომლის მიხედვითაც, ტურიზმის არაღდგენის შემთხვევაში, ქვეყნის მშპ 10,7%-ით შემცირდება. ამ კვლევის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი სავარაუდო ვარდნა მთავრობის პროგნოზს 2,5%-ით აღემატება. 

სავარაუდოა, რომ სწორედ ამ განწყობით იყო ნაკარნახევი მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებებიც. კრიზისის დაწყების მომენტიდან საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ოპოზიციური პარტიების წინადადებების განხილვაზეც, თუმცა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში რამდენიმე პროფილური ორგანიზაცია ჩართო. 

მთავრობამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა რამდენიმე ეტაპად და ცალკეულ სექტორებად  წარმოადგინა. დაუწერელი წესისამებრ, ოცნებამ კვლავ უარი თქვა საგადასახადო წნეხის შემცირებაზე, რაც სასურველი იქნებოდა საქართველოს მსგავს ქვეყანაში, რომელსაც  ეკონომიკის სტიმულირებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია. მთავრობა მხოლოდ ცალკეული გადასახადების გადავადებასა და დროებით შეჩერებას დასთანხმდა.

გაუგებარი იყო მთავრობის გადაწყვეტილებები უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებითაც. ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობამ დაზარალებული მოქალაქეების იდენტიფიცირება და კომპენსაციების ამ გზით გაცემა არჩია, რაც მეტად ართულებს კომპენსაციის მიღების პროცესს და წელავს დროს.

ამის გარდა, პრობლემა არსებობდა ამ პროგრამების დაფინანსებაშიც, მაგალითად, თვითდასაქმებულების საკომპენსაციოდ მთავრობამ სულ 75 მილიონი ლარი გამოყო, ეს თანხა მაქსიმუმ 250 000 მოქალაქის კომპენსაციას გასწვდებოდა, როცა თვითდასქმებულების რაოდენობა, ოფიციალური სტატისტიკით, 820 000 აღემატება. ამის მიუხედავად,  შედეგი კიდევ უარესი დადგა – 11 ივნისისთვის 200-ლარიანი კომპენსაციის განაცხადი ჯამურად 90,802 მოქალაქეს დაუკმაყოფილდა, ხოლო თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი კომპენსაცია 132 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა და მხოლოდ 66,660-მა მიიღო. 

ამგვარად, თვითდასაქმებულების კომპენსაციისთვის გამოყოფილი 75 მილიონიდან მთავრობას მხოლოდ 20 მილიონამდე ლარი აქვს ათვისებული, რაც თავდაპირველი ბიუჯეტის თითქმის მესამედია. გამოდის, რომ შესაბამისი ფინანსების არსებობის პირობებშიც კი დაზარალებული მოქალაქეები ვერ ახერხებენ კომპენსაციის მიღებას. ამის მიზეზი კი უშუალოდ მთავრობის მიერ არჩეული სტრატეგიაა. 

წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმებიდან ყველაზე მძაფრი კრიტიკა სამშენებლო სექტორის სტიმულირების გეგმამ გამოიწვია. 28 მაისს მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მხარდამჭერი პაკეტის მოცულობა 434 მილიონი ლარია. ამ თანხის უდიდესი ნაწილი სამი მიმართულებით განაწილდება, ესენია: მიმდინარე მშენებლობების ფართის 30%-ის დაზღვევა – ბიუჯეტი – 200 მილიონი ლარი; დევნილებისთვის შესაძენი ბინების რაოდენობის სამჯერ გაზრდა – ბიუჯეტი – 150 მილიონი ლარი; ასევე, მომდევნო ექვსი თვის ვადაში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირება – ბიუჯეტი – 70 მილიონი ლარი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სექტორის დახმარების ამგვარი გეგმით მთავრობა უხეშად ერევა საბაზრო ურთიერთობებში. ის ხელოვნური სტიმულირებით ცდილობს, შეინარჩუნოს მაღალი ფასები უძრავ ქონებაზე, რამაც შესაძლოა, კრიზისი უფრო გაახანგრძლივოს. სამთავრობო გეგმა ფუნდამენტურად არასწორ სტიმულებს იძლევა როგორც ეკონომიკის, ასევე სამართლიანობის კუთხით.

იპოთეკურ სესხებზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია. დღევანდელ პირობებში იპოთეკური სესხით სარგებლობა პრივილეგიაა და მასზე წვდომა კრიტიკულ უმცირესობაში მყოფ მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს აქვთ.

ამას ადასტურებს მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურაც. შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყოველთვიური შემოსავლის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 0-დან 300 ლარამდე — 393,371;
  • 300-დან 600 ლარამდე — 221,486;
  • 600-დან 1,000 ლარამდე — 208,663;
  • 1,000-დან 2,000 ლარამდე — 212,346;
  • 2,000 ლარიდან ზევით — 98,826;

საქართველოში უძრავი ქონების ფასებისა და იპოთეკური სესხის პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური იპოთეკა მხოლოდ 2 000 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვისაა ხელმისაწვდომი. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი 100 000 არ აღემატება. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის მიერ გადახდილი ფული ყველაზე მდიდრებისთვის იპოთეკური სესხის დაფინანსებას მოხმარდება.  

მთავრობის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო უცნაურია იმ ფონზე, როცა მთავრობას ამ სექტორის სტიმულირების სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნდა. ყველაზე მარტივი კი გადასახადების შემცირება იქნებოდა, რის შედეგადაც ბიზნესს დაეზოგებოდა წარმოებისა და საოპერაციო ხარჯები, რაც ისედაც შემცირებული ფასების პირობებში დარტყმას კიდევ უფრო შეარბილებდა. გადასახადების შემცირება ხელს შეუწყობდა დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებასაც.

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის მოცულობა, ჯამურად, 3,5 მილიარდ ლარს შეადგენს. მთავრობის დაანგარიშებით, გეგმის ღირებულება ასეთია:

  • მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა – 1.35 მილიარდი ლარი
  • ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეობის მხარდაჭერა – 2.11 მილიარდი ლარი
  • ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მეწარმეობის მხარდაჭერა – 350 მილიონი ლარი

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებაზე და ასევე,  მოქალაქეებისთვის ფონდში აკუმულირებული თანხების დაბრუნებაზე, რასაც ევროპული საქართველო ითხოვდა. ამ დროისთვის ფონდში აკუმულირებული თანხა 800 მილიონ ლარს აღემატება. გიორგი გახარია განმარტა, რომ "საპენსიო ფონდი ამ ქვეყანაში ხელშეუხებელია და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს".

უნდა ითქვას, რომ საყოველთაოდ შემცირებული შემოსავლების ფონზე, საპენსიო შენატანების შეჩერება, ან მოქალაქეებისთვის დაბრუნება მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა მოქალაქეებსაც და დამსაქმებლებსაც. მსგავს ზომებს მიმართა საქართველოზე ბევრად უფრო მდიდარმა დანიამ. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყო მოქალაქეების დაგროვილი საშვებულებო საათების ანაზღაურება, რომ არა კრიზისი, მოქალაქეები ამ თანხებს პენსიაზე გასვლისას მიიღებდნენ.

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ანტიკრიზისული გეგმა სხვა პოლიტიკურ ძალებთან შეეთანხმებინა. ოპოზიციური ძალებიდან ერთ-ერთი, რომელმაც საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, ევროპული საქართველო იყო. ოპოზიციური პარტიის გეგმა 6 მილიარდი ლარის მობილიზებას გულიხმობდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მთავრობის მიერ წარმოდგენილ პაკეტს. 

გეგმის მიხედვით, აუცილებელი იყო ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების 1.7 მილიარდით შემცირება, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის (650 მლნ) დაბრუნება და მომავალი 8 თვის მანძილზე ამ შენატანების (325 მლნ) შეჩერება. თანხების ასეთი დაზოგვითა და საერთაშორისო დახმარების მიღების გზით (1.1 მლრდ დოლარი) 6 მილიარდი ლარის მობილიზება მოხდებოდა. 

ევროპულ საქართველოში ამბობდნენ, რომ ეს შესაძლებელს გახდიდა:

  • 8 თვის მანძილზე ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით კომპენსირებას  იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან შეუმცირდა ხელფასი: 
  • 840 000 თვითდასაქმებულისთვის 400-ლარიან ერთჯერად დახმარებას და 120-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს;
  • მოქალაქებიისთვის საპენსიო ფონდის თანხების დაბრუნების შემთხვევაში ყველა დასაქმებულისთვის საშუალოდ 500 ლარის დაბრუნებას, ხოლო დამსაქმებლებისთვის თითოეულ დასაქმებულზე – 225 ლარის;
  • კომუნალური გადასახადების 120-ლარიან ვაუჩერისა და პენსიონერებისთვის 400-ლარიანი ფულადი დახმარების გადაცემას;

საშემოსავლო გადასახადის განულებას 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერებას [1.7 მლრდ ლარი], ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირებას [150 მლნ], ქონების გადასახადის განულებას [390 მლნ], ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილებასა და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრას;

პარლამენტში ვიზიტისას, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ევროპული საქართველოს ანტიკრიზისულ გეგმაზეც ისაუბრა. გახარიამ ოპოზიციის გეგმას "არარეალისტური" უწოდა და განაცხადა, რომ ეს "პოლიტიკური პოპულიზმის" ნაწილია.

გახარია ამბობდა, რომ ევროპული საქართველოს გეგმის განხორციელების პირობებში "ბიუჯეტს 6,1 მილიარდი უფორმირდება, რაც ბიუჯეტის 14%-იან დეფიციტს ნიშნავს. პრემიერმა დაამატა, რომ ბიუჯეტის ამგვარი დეფიციტის პირობებში ქვეყანა "მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას დაკარგავს" და ეს ცნობილია ყველასთვის, ვისაც "ელემენტარული ეკონომიკა ესმის."

საგულისხმოა, რომ პრემიერმინისტრს არ უხსენებია ოპოზიციური გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ბიუროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებდა და ამ გზით 1,7 მილიარდი ლარის მობილიზებას გულისხმობდა. 

ამავე საკითხზე იყო საუბარი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვაშიც. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტით გათვალისწინებულ 547 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიის გაკეთება შეეძლო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თანხა მხოლოდ ისეთი პროგრამებიდან დაიზოგა, რომელთა განხორციელებაც პანდემიის გამო ისედაც ვერ ხერხდებოდა.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, "მთავრობამ მოქმედი ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა უნდა დაზოგოს", რაც, "პირველ რიგში, ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს".

"მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი გეგმა, თუ რა თანხაა გათვალისწინებული 2020 წელს მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, შტატგარეშედ დასაქმებულებზე, ავეჯის, საწვავისა და სხვა საქონლისა და მომსახურების შეძენაზე". − ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში. 

საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები განახლებული ბიუჯეტით 115 მილიონი ლარით იზრდება და, ჯამურად, 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მთავრობა ასევე გეგმავს, საშინაო ვალიდან დამატებით აღებული 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსოს. ამ გადაწყვეტილებით მთავრობა, პრაქტიკულად, ბანკებს ასუბსიდირებს და ეროვნული ბანკის ფუნქციასაც ითავსებს − მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა.

მხოლოდ ამ ნაბიჯზე უარის თქმით, მთავრობას 600 მილიონი ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც მთავრობის ვალი რეკოდულ ნიშნულზეა და “ეკონომიკური თავისუფლების აქტით” დადგენილ მაქსიმალურ ზღვარს უახლოვდება. 

აქვე უნდა ითქვას, რომ პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ წლევანდელი ბიუჯეტი მთავრობამ თავიდანვე არჩევნებზე გათვლით შეადგინა და კრიზისამდე გეგმავდა რეკორდული 3 მილიარდი ლარის ვალის აღებას. ამ ნაბიჯმა კი საქართველოს ფისკალური სისტემა პანდემიით გამოწვეული მოულოდნელი ეკონომიკური კრიზისის მიმართ უფრო მეტად მოწყვლადი გახადა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო პანდემიის კრიზისს საუკეთესო ფორმაში არ დახვედრია. ამაზე მეტყველებს ბოლო წლებში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაც. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვარდნა კიდევ უფრო დრამატულია ბოლო წლების კონტექსტში − 2017 წლიდან მოყოლებული, ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში დრამატულად შემცირდა. 

შედარებისთვის, 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა 35%-ით შემცირდა. რაც შეეხება 2019 წელს, მოცულობა თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა და ზრდამ 0,2% შეადგინა. 

ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2015 წელი — $1,729 მილიარდი;
  • 2016 წელი — $1,650 მილიარდი;
  • 2017 წელი — $1,962 მილიარდი; 
  • 2018 წელი — $1,265 მილიარდი;
  • 2019 წელი — $1,267 მილიარდი;

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ვერ ფარავს დიდ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც მთავრობის პირდაპირი ფულადი დახმარების მიღმა რჩებიან. რეკორდულად იზრდება მთავრობის ვალი. ის ჯამურად 27,6 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ნავარუდევი მშპ-ს 54,8%-ია. 

ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ბიუჯეტის დეფიციტიც. ის 4.3 მილიარდ ლარს გაუტოლდება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ 8.4%-ია. მომდევნო წლებში საქართველოს უპრეცედენტოდ გაზრდილი ტვირთის ფონზე მოუწევს ცხოვრება.

კომენტარები