ავღანეთი

ავღანეთის მთავრობა: გასულ კვირას თალიბანმა ქვეყნის უშიშროების ძალების 291 თანამშრომელი მოკლა

AFP

ავღანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გასულ კვირას თალიბანმა ქვეყნის უშიშროების სამსახურების 291 თანამშრომელი მოკლა.

"თალიბანის მიერ ძალადობის შემცირების მხარდაჭერა უშინაარსოა, მათი ქმედებები არ შეესაბამება მათ რიტორიკას". – თქვა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯავიდ ფაისალმა.

მისი განცხადების მიხედვით, დაჯგუფებამ გასულ კვირას 32 პროვინციაში 422 თავდასხმა მოაწყო. შედეგად დაიჭრა 550 ადამიანი.

თალიბანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

"მტრის მიზანია ამ სიცრუით დააზიანოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენ გვქონდა თავდასხმები გასულ კვირას, თუმცა, უმეტესად თავის დაცვის მიზნით". – თქვა დაჯგუფების სპიკერმა, ზაიბულა მუჯაჰიდმა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაჯგუფებამ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობად თალიბანი პატიმრების გათავისუფლებას ასახელებს. ავღანეთის მთავრობამ უკვე გაათავისუფლა 3 000 პატიმარი და კიდევ 2 000-ის გათავისუფლებას გეგმავს.

კომენტარები