კონგრესმენების ანგარიში

ბოკერია: ის, რომ მთავრობის ნაცვლად ლობისტი წერს წერილს, უკვე დიაგნოზია

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისთვის ლობისტებს იყენებს, დიაგნოზია. 

ლობისტები წერილში წერენ, რომ ქართული ოცნება შეშფოთებულია რესპუბლიკელი კონგრესმენების შემსწავლელი კომიტეტის ანგარიშში ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ "ნეგატიური განცხადებებით". 

"ის, რომ მთავრობის ნაცვლად ლობისტი წერს წერილს, უკვე დიაგნოზია. ყველა მაშინვე მიხვდება, რომ ან ავტორიტარულ რეჟიმთან აქვს საქმე, ან ასეთი მიდრეკილებების მქონესთან. ლობისტი, კონსულტანტი გჭირდება იმისთვის, რომ რჩევები მოგცეს, კონტაქტები დაგიმყაროს, მაგრამ ქვეყანასა და მთავრობას ვერ ჩაანაცვლებს". – ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, როდესაც ლობისტების მეშვეობით ამყარებ კომუნიკაციას, ამით ნათელჰყოფ, რა სახის პრობლემა გაქვს. 

"ვერცერთი კონსულტანტი, ლობისტი, რამდენიც არ უნდა ღირდეს, რა ძვირიც არ უნდა იყოს, ვერ შეცვლის იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. საქართველოს მეგობრები რეაგირებენ იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც ივანიშვილმა შექმნა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და მათი პრაგმატული ინტერესების საწინააღმდეგოდ". – ამბობს ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, თუ რის გამო იხდი ფულს ლობისტებში. 

"თუ კონსულტანტები, ლობისტები გყავს მარტო შიდა დაპირისპირებაში მმართველი პარტიის პოზიციის დასაცავად, ეს ქვეყნის სამსახური კი არა, ზიანია. იქ დღის წესრიგში უნდა იყოს ქვეყნის ინტერესების წინ წაწევა და არა ივანიშვილის ინტერესების დაცვა, რაც ჩვენ ვნახეთ მთელი ამ წლების განმავლობაში". – თქვა ბოკერიამ. 

რესპუბლიკელი კონგრესმენებისადმი ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის წერილი 16 ივნისს გამოქვეყნდა.

"ქართული ოცნება გამოხატავს შეშფოთებას მისი ლიდერისა და დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური განცხადებების გამო. ეს კომენტარები, როგორც ჩანს, დოკუმენტებზე დაყრდნობით არ გაკეთებულა. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მისი მეთაურობით ქართული ოცნების მთავრობამ საქართველო დასავლურ ალიანსსა და აშშ-ს უფრო მეტად დაუახლოვა, ვიდრე ოდესმე ქვეყნის ისტორიაში". – ნათქვამია წერილში, რომელიც კონგრესმენებს გაეგზავნა.

10 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.

კომენტარები